კრიმინალი

რა სასჯელია დაწესებული კოლხური ბზის მოჭრაზე

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „კოლხური ბზის“ ჭრასთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, არ მოჭრან ბზა, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

არსებული მდგომარეობით,  ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

„გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-14 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერ დაზიანება/დასუსტება. ხოლო მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა – ბზის ალურამ გაამწვავა“, – განაცხადა ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო მოსახლეობას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და უკანონო ჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

Facebook Comments