ტექნოლოგია

ტაქსის მძღოლები ლეიბორისტულ პარტიას გაემიჯნენ

ტაქსის მძღოლები მოუწოდებენ როგორც ლეიბორისტულ, ისე ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

ამის შესახებ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა დღეს, 16 აპრილს დიღმის ტყე–პარკში გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

საინიციატივო ჯგუფის ლიდერის ვალერი ქადაგიშვილის თქმით, ტაქსისტებმა გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს თბილისის მერიასთან, მათ შორის ტაქსის ფერთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფერის შეცვლის შემთხვევაში ავტომობილის ტექნიკური პასპორტის აღების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ ტაქსებად დაშვებულ იქნან მარჯვენა საჭიანი ავტომობილები როგოტც ა, ისე B კატეგორიებში, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას მოითხოვდნენ, რასაც მერია ფაქტობრივად გამორიცხავს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ტაქსის რეფორმის გადადება არ იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული კორექტირების შეტანის საკითხი განიხილონ.

ამასთან, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმაზე მუშაობისას, ტაქსის მძღოლების სოციალური მდგომარეობაც გაითვალისწინეს. გარდა ამისა, კალაძის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ.

„ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, – განაცხადა 11 აპრილს კახა კალაძემ

Facebook Comments