ტექნოლოგია

არის მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტრო გაკეთდეს

“ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც კალაძემ აღნიშნა, არის მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტრო გაკეთდეს. 

“უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური ფონდი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა და პრობლემას წარმოადგენს. კვლევის შედეგად ვნახავთ, თუ რისი გაკეთებაა საინტერესო ამ რაიონებში. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, შეიძლება ეს იყოს მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, კვლევა ჩვენ გვაჩვენებს, ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში დაიწყება კვლევითი სამუშაოები და გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.

“თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ის დაიწყებს პროექტზე მუშაობას. წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მის განხორციელებას,” – აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments