უცხოური მედია ჯანდაცვა

Fox News – არ გარეცხოთ ქათმის უმი ხორცი!

აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ ქათმის ხორცის მომზადებამდე მისი გარეცხვა საშიშია, რადგან არსებობს რისკი მავნე ბაქტერიების ჭურჭელზე და სახლის სხვა ნივთებზე გადასვლის,-ამის შესახებ Fox News წერს.

შეტყობინებაში, რომელიც დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გაავრცელა, საუბარია იმ ზომების ერთობლიობაზე, რომელიც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს თავიდან იქნას აცილებული საკვები პროდუქტებით მოწამვლის შესაძლებლობა სახლის პირობებში მომზადებისას.

„ამერიკელები ყოველწლიურად ბევრად მეტ ქათმის ხორც ჭამენ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ხორცს“,-ამბობენ CDC-ში. „ქათამი შეიძლება კარგი არჩევანია საკვებად, მაგრამ ქათმის უმი ხორცი ძალიან ხშირად დაბინძურებულია ბაქტერია Campylobacter-ით, ზოგჯერ კი, Salmonella  და Clostridium perfringens-ით. 

„თუ თქვენ მიიღებთ ქათმის ხორცს, რომელიც კარგად არ არის მოხარშული, ან იხმართ ჭურჭელს, რომელზეც ქათმის ხორცის რეცხვისას გადავიდა აღნიშნული ბაქტერიები, შესაძლოა ინტოქსიკაციით დაავადდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს რეკომენდაციით, უმი ქათამი მაცივარში, ან კალათაში ჩადებამდე უნდა მოთავსდეს ერთჯერად პარკში, ქათმის დამუშავების შემდეგ უნდა დაიბანოთ ხელი საპნით, იხმაროთ განსხვავებული საჭრელი დაფა, რომელზეც სხვა საკვებს არ დაჭრით და არასდროს მოათავსოთ ქათმის უმ ხორცთან ერთ სიბრტყეზე მზა საკვები ან ხილი. 

სააგენტო ასევე ურჩევს მომხმარებლებს, გამოიყენონ სპეციალური თერმომეტრი, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, მზად არის თუ არა ქათმის ხორცი. CDC -ის მთავარი რეკომენდაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ქათმის უმი ხორცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაირეცხოს, რადგან „ქათმის ბაქტერიები სამზარეულოში არსებულ სხვა პროდუქტებსა და ნივთებზე მოხვდება“.

მიუხედავად იმისა, რომ საკვებით მოწამვლა ხშირ შემთხვევაში ადვილად განკურნებადია, 5 წლამდე ბავშვებისთვის, 65 წელს გადაცილებული და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანების, ასევე ორსული ქალებისთვის შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. სააგენტოს რჩევაა, თუ ტემპერატურა აიწევს ან დიარეა 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, ან გამოიძახონ ექიმი. 

Facebook Comments