სამართალი

პროკურორი – 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოებში ხელის მოჭერით გაგუდვა

სასამართლოზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე დღეს  გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ.

სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბავშვს მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

„დღევანდელ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაადგინა ყველა ის დაზიანება, რაც გოგონას სხეულზე აღენიშნებოდა. ასევე, დაადგინა გარდაცვალების მიზეზი. დაიკითხა საქმის ძირითადი გამომძიებელი. ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი”, – აღნიშნა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტმა გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და სიკვდილის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით ისაუბრა.

“გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღეს დაკითხული მოწმეებით სახელმწიფო ბრალდებამ ფაქტობრივად ამოწურა მოწმეთა გამოკითხვა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას საქმეში მოწმეები წარმოდგენილი არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Facebook Comments