პოსტები სოციალური ქსელიდან

აი, ჩემი შვილი – თავზე გადაახტა დედა ექთანს და დერეფანში გაეკიდა

,,- ეს არ არის ჩემი შვილი – უხსნის, თურმე დედა ექთანს…
– როგორ არ არის, თქვენია, ნახე – გვარი აწერია.
– გვარია აწერია, ხო, მაგრამ – არ არის ჩემი შვილი.
– როგორ მიხვდი, რომ არაა შენი?
– რას ჰქვია, როგორ მივხვდი, ახლა ხომ არ ვხედავ პირველად? გუშინაც ხომ ვნახე?
– ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს.
– ეს ბავშვი შავია, ჩემი თეთრი იყო და ცისფერთვალება – მყარი არგუმენტი აქვს დედას!
– ახალდაბადებული ბავშვი ყველა ერთმანეთს ჰგავს.
– რას ამბობთ, ის ფითქინა ბავშვი ასე გაშავდა ერთ ღამეში?
– რა ფითქინა, პირველი დღეები ყველა ბავშვი წითელია, თუ არ გინდა რომ აჭამო ბავშვს – თქვი…
– აი, ჩემი შვილი – თავზე გადაახტა დედა ექთანს და დერეფანში გაეკიდა მეორე ექთანს, რომელსაც ვინცხა შავგვრემან ქალთან მივყავდი…
პატარა, ლურჯი, გადასაფარებელი ჰქონდა დედას მოტანილი ჩემთვის, გადასაფარებელში ვიყავი გახვეული და ასე მიცნო:)
ასე დამაბრუნეს ფითქინა გოგო ფითქინა დედასთან:))

მერე, წლამდე ვღნაოდი…
წესისამებრ, ჭამამდე და დაძინებდე კი არა – როგორც სხვა ბავშვები, არა, კარგად დანაყრებული, გამოცვლილი, დაბანილი ვღნაოდო, ძილშიც ვღნაოდი, სამეზობლოს ეღვიძა, თურმე, ისე ვჭექდი…
დედა ამ ამბავს ასე ჰყვება: რო გადაჩიჩინდებოდი და გადალურჯდებოდი, ჰაერში აგაგდებდით და ისე უცებ ჩერდებოდი, სულ მეგონა, რომ დაგიჭერდი, ცოცხალი არ დამხვდებოდი, დაგიჭერდი, დაგაშტერდებოდი, მიყურებდი ფართოდ გახელილი თვალებით რამდენიმე წამით, მერე მოჭუტავდი თვალებს, ტანს გაჭიმავდი და იწყებდი თავიდან…
მიყვარდა ამ ისტორიის მოსმენა:)
ნეტა, ის შავი გოგოც ღნაოდა? 
ნეტა, ოდესმე უფიქრია დედას, ის გადასაფარებელი რომ არ წაეღო, რომ ვერ ვეცვნე, ის ერთი წელი, ძილი ექნებოდა, თუ არა?
ალბათ, არა…
ალბათ, ამიტომ მიყვარდა ამ ისტორიის მოსმენა – მიხაროდა, რომ არ ნანობდა ნათენებ და გაწამებულ ღამეებს, მიხაროდა, მოყოლისას, რომ იცინოდა…”

თამო კეშას ფეისბუქგვერდიდან

Facebook Comments