პოლიტიკა

ზუგდიდში ოპოზიციის მიერ ათასობით ადამიანის მობილიზება იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფასა და ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ისაუბრა.

„სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი შუალედურ არჩევნებამდე, გუშინდელ დღემდე მიმდინარეობდა პროცესი მშვიდად, თუმცა გუშინ ცხადი გახდა, რომ 19 მაისს დაძაბულობის კერა გახდება ზუგდიდი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, გუშინ საარჩევნო ინვენტარის გადაცემის პროცესში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა და საოლქო კომისია კანონის სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ მოქმედებდა. 

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით, ათასობით ადამიანის მობილიზება ამომრჩეველს რეალურად არ აძლევს საშუალებას, თავისუფლად დააფიქსიროს თავისი ნება

 „ოპოზიციის მიერ ათასობით მხარდამჭერის მობილიზება ჩვენთვის იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება, ამიტომ ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი გადაიზარდოს ძალადობაში“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას ექნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება. ჩუგოშვილმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა, რათა მოახდინონ დაკვირვება ზუგდიდში საარჩევნო პროცესზე. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni