ბიზნესი

„ქართული ღვინის გილდიამ“ ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი საინფორმაციო ვებგვერდი შექმნა

„ქართული ღვინის გილდიამ“ მეწარმეებისთვის ახალი ვებგვერდი, www.topgeorgian.wine შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია მაღალი ხარისხის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების, ასევე მათი მწარმოებლების შესახებ.

ვებგვერდი წარმოდგენილი იქნება 7 ენაზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ღვინის მწარმოებლის, მისი ტიპის, ყურძნის ჯიშებისა და დეგუსტაციის დროს მინიჭებული ქულის შესახებ.

ამასთან ერთად, ვებგვერდზე წარმოდგენილი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების აღწერა და კერძებთან შესაბამისობის რეკომენდაციები დაეხმარება სერვისის ობიექტებს (რესტორნებს, ბარებს) ღვინით გამასპინძლების ეტიკეტის დახვეწაში.

მნიშვნელოვანია, რომ საიტზე განთავსდება მხოლოდ 80 – 100 ქულამდე შეფასებული ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლი.
სადეგუსტაციო კომისიის მიერ ზადის ან ნაკლის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მწარმოებელს. სურვილის შემთხვევაში მწარმოებელი უსასყიდლოდ ისარგებლებს ქართული ღვინის გილდიის საკონსულტაციო სერვისებით.

ვებგვერდზე ასატვირთი ღვინოების (ალკოჰოლური სასმელები)  შესარჩევ დეგუსტაციას ექნება პერმანენტული ხასიათი. პირველი დეგუსტაცია ჩატარდება ა.წ. 18 მაისს, სასტუმრო ,,ციტრუსში“. მისამართი: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №3.

„ქართული ღვინის გილდია“ დაინტერესებულ მეწარმეებს სთავაზობს, მიაწოდონ მათ მიერ წარმოებული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები.

შერჩევის პროცედურის პირველ ეტაპზე მონაწილეობისათვის ნიმუშების წარდგენა 16 მაისის ჩათვლით ღვინის მაღაზიაში „რეზერვი“ (მის: ქ. თბილისი,  9 აპრილის ქუჩა №3) გაიმართება.

Facebook Comments