საზოგადოება

ჭავჭავაძეზე ერთ მშვენიერ დღეს მოძრავი ავტომობილი შესაძლოა, მიწაში აღმოჩნდეს

ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს

მაისის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირი ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.

„ჭავჭავაძის გამზირი უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ამ პროექტზე საუბარი გვქონდა, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ექნება.

Facebook Comments