კრიმინალი უცხოური მედია

შემზარავი მკვლელობა ჩიკაგოში – 19 წლის ორსული მოკლეს და ბავშვი მუცლიდან ამოაცალეს

ჩიკაგოში სამი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ ორსული ქალის მკვლელობაში.

19 წლის მარლენ ლოპესი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი, ბავშვი ამოაცალეს მუცლიდან.

46 წლის კლარისა ფიგეროას და მის ქალიშვილს დეზირეს ბრალი დასდეს პირველი ხარისხის მკვლელობაში. პოლიციელების თქმით, კლარისას მეგობარი 40 წლის მამაკაცი კი, მამაკაცი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. 


გამოძიებით დადგინდა, რომ ორსული გოგონა მკვლელებმა სახლში facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მიიტყუეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი უფასოდ არიგებდა ბავშვის ტანსაცმელს, ეტლსა და საწოლს.

მარლენ ლოპესი, რომელიც 9 თვის ორსული იყო, სამი კვირის წინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი ჩიკაგოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ნაყოფი დედას მუცლიდან ამოჭრეს.

მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ გოგონამ სოციალური ქსელის მეშვეობით ქალი გაიცნო და მასთან ბავშვის ნივთების ასაღებად წავიდა.

„ის წერდა, რომ მის შვილებს აღარ სჭირდებათ ტანსაცმელი და მსურველს შეუძლია წაიღოს უფასოდ. სწორედ ამით შეიტყუეს მარლენი სახლში“,-ამბობს ოჯახის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამართალდამცველებმა მუცლიდან ამოკვეთილ ბავშვს ერთ-ერთ საავადმყოფოში მიაგნეს, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ექიმების თქმით, მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. 

პოლიციელების თქმით, ბავშვი სწორედ იმ დღეს მოხვდა საავადმყოფოში, რა დღესაც მარლენ ლოპესი დაიკარგა. 

გამოძიება კლარისა ფიგეროათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან საქველმოქმედო საიტზე GoFundMe განცხადება განათავსა ბავშვის ფოტოთი, სადაც წერდა, რომ მისი შვილიშვილი კვდება და დასაფლავებისთვის თანხა არ ჰქონდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დეზირე ფიგეროამ, რომელიც თავს ბავშვის დედად ასაღებდა, აღიარა, რომ დედას დაეხმარა და ორსული კაბელით გაგუდეს.

პოლიციამ დნმ-ს ანალიზით დაადგინა, რომ ბავშვის მშობლები მარლენ ლოპესი და მისი მეუღლე არიან. 


Facebook Comments