ეს საინტერესოა რელიგია

ბიბლიური ანთროპოლოგია: სხეული, სული და სამშვინველი

ადამიანი უაღრესად რთული არსებაა, ძნელად ასახსნელი და წინააღმდეგობებით სავსე. არსებობს მეცნიერება, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს იკვლევს, თუმცა ფსიქოლოგიაში მუდმივად ჩნდება ახალი თეორიები, რომლებიც ძველებს უარყოფს იმისთვის, რომ შემდგომში თავად იქნეს უარყოფილი კიდევ უფრო ახლის მიერ.

თანამედროვე თეორიებთან შედარებით, ბიბლიურ ანთროპოლოგიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ის ათასწლეულის პრაქტიკით არის შემოწმებული და მარტივად უძლებს გაუთავებელ კრიტიკას და რაც ყველაზე მთავარია, კარგად ხსნის პიროვნების ქცევებს.   

ქრისტიანულ სწავლებაში დამკვიდრებულია ადამიანის ორნაირი ბუნება: 1.დიხოტომიური, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება, სულიერისა და მატერიალურისგან, ანუ სხეულისა და სულისგან. და 2. ტრიხიტომიური, რომლის მიხედვითაც არსებობს სხეული, სული და სამშვინველი.

ბიბლიის მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ სული და სამშვინველი სინონიმებია. თუმცა ეს ასე არ არის.  როგორც სული სახლობს სხეულში, ასევეა სამშვინველიც, მაგრამ განსხვავება არსებითია: სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ – ადამიანებს. სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.

ბერძნულ ფილოსოფიაში ადამიანი სამი ნაწილისგან შედგება: 1) პნევმა – სული; 2) ფსიხე – სამშვინველი; 3) სომა იგივე ჰილე – ხორციელი სხეული.

რომაულ ფილოსოფიაში ადამიანის სამი ნაწილია: 1) სპირიტუს – სული; 2) ანიმა/ანიმუს – სამშვინველი; 3) კორპუს – ფიზიკური სხეული.

ბუდისტურ ტანტრაში უმაღლესი არსიდან გამოდინდება: 1) ბუდას სულიერი სხეული; 2) ბუდას ასტრალური სხეული; 3) ბუდას ხორციელი სხეული. არის სამი ბუნება: 1) სულიერი; 2) ასტრალური; 3) წარმოსახვითი მიწიერი ფიზიკური ბუნება.

მიუხედავად პირობითობისა, კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა, უკეთ გავიგოთ ადამიანის ქცევა. მისი წინააღმდეგობები, სულიერი ბრძოლა, ცდუნებებისადმი წინააღმდეგობა და ცოდვების დამარცხება. 

“სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, უწყის ღმერთი, იგი ეძიებს ღმერთს და მხოლოდ მასში ჰპოვებს მოსვენებას. სული რაღაც ფარული სულიერი გუმანით არის რა დარწმუნებული ღმერთისაგან თავის წარმომავლობაში, თავის სრულ დამოკიდებულებას გრძნობს ღმერთზე და მას შეგნებული აქვს, რომ მოვალეა ყველანაირად სათნო-ეყოს მას, იცხოვროს მხოლოდ მისთვის, მისით და მის მიერ”- ამბობს თეოფანე დაყუდებული. 

Facebook Comments