ეს საინტერესოა

ქალი, რომელმაც იაპონიაში 130- წლიანი ხეების ისტორიული გადარგვა განახორციელა

ცუკამოტო კონამი პირველი ქალია იაპონიაში, რომელმაც არბორისტის (ხეების, როგორც ინდივიდუალური ორგანიზმების მოვლის სპეციალისტი)  სერტიფიკატი მიიღო. მან ასობით გიგანტურ ხეს უმკურნალა და გადარგო, მათ შორისაა 130-წლიანი გლიცინიები. 

ცუკამოტო კონამიმ 1994 წელს სწორედ ამ ოთხი 130-წლიანი გლიცინიის გადარგვის შემდეგ გაითქვა სახელი. ის 2013 წლიდან ხამამაცუს ყვავილების ბაღს ხელმძღვანელობს, ყვავილებისა და მწვანე ნარგავების გადარგვის ასოციაციის თავმჯდომარეა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხეებს უვლის. 

„როდესაც მთხოვენ, ვუმკურნალო დასუსტებულ, ან მომაკვდავ ხეს, აუცილებლად უნდა ვნახო ის ადგილი, სადაც იზრდება, რათა გავერკვე პრობლემაში და მკურნალობის გზა დავსახო, ზოგჯერ მიზეზი მეხის დაცემაა, ან ტაიფუნის შედეგად დაზიანება, ზოგჯერ მწერების ინვაზია, ან რაიმე დაავადება. ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვა და შემდეგ ვიპოვო მკურნალობის მეთოდი“,-ამბობს 66 წლის ცუკამოტო. 

არბორისტ ქალს განსაკუთრებით გიგანტი ხეები აინტერესებს, ყველაზე დიდი ხე, რომელზეც ის მუშაობდა, 35 ტონას იწონის. 

„სანამ სერტიფიცირებული არბორისტი გავხდებოდი, 100-ზე მეტი გიგანტი ხე გადავრგე, ძირითადად 500-1000 წლიანი და შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ჩავარდნა არ მქონია“,-ამბობს ცუკამოტო კონამი. 

ის უარს ამბობს ქიმიურ ნივთიერებებზე და სწამს ბუნების მკურნალი ძალის.

„ჩვენ, არბორისტებს მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ხეს დაემართოს, ფოთლების ან ფესვების ბრალია. სანამ ფესვი ჯანმრთელია, ხე ნორმალურად ვითარდება“,-ამბობს არბორისტი ქალი. 

ზოგჯერ მას მრავალწლიანი ხეების გადარგვას თხოვენ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ხე არ შეიძლება მოუმზადებლად გადავიდეს ერთი ადგილიდან მეორეზე, ამას საკმაოდ სერიოზული შესწავლა და მომზადება უნდა. 

ცუკამოტო 130-წლიანი გლიცინიების ისტორიული გადარგვის შესახებ ყვება. ამბობს, რომ ეს ხეები ქალაქ ასიკაგასთან მდებარე ფერმაში იზრდებოდა და მათი ფესვები 600 კვადრატულ მეტრს იკავებდა. 

„სანამ ჩემთან მოვიდოდნენ, ათობით პროფესორს სთხოვეს დახმარება სხვადასხვა უნივერსიტეტებში, თუმცა ყველამ უარი განაცხადა. მე კი მივედი ხეებთან, დიდხანს უხმოდ ვიდექი და ბოლოს მივხვდი, რომ მათი გადარგვა შესაძლებელი იყო“,-ამბოს არბორისტი. 

პროექტის განხორციელებას 2 წელი დასჭირდა. ცუკამოტო ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მას წყნარად არ დაუძინია და ყოველ ღამე კოშმარები ესიზმრებოდა. ბოლოს ხის აწევის თავისი მეთოდი მოიგონა. ის ნაწილები, სადაც ტროსი უნდა მოდებოდა, გიფსში ჩაასმევინა ისევე, როგორც ადამიანის კიდური ფიქსაციისთვის. სწორედ ამ მეთოდით მოხერხდა ხეების აწვა ისე, რომ მერქანი არ დაზიანებოდა.

საბედნიეროდ, გადარგვა წარმატებით დასრულდა და დღეს გლიცინიები ისე გაიზარდნენ, რომ ახალ ადგილზე უკვე 1000 კვადრატულ მეტრს იკავებენ. 

2013 წლის აპრილში ცუკამოტოს ხამამაცუს პარკში შესთავაზეს სამუშაო. პარკი დაკეტვის პირას იყო და ზარალზე მუშაობდა. მას შემდეგ კი, პარკის დამთვალიერებლების რიცხვი გაორმაგდა და დღეს ქვეყნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

„ხშირად ვამბობ, თუნდაც არ გქონდეთ ახლოს პარკი ან სკვერი, მიაქციეთ ყურადღება პატარა გამწვანებულ ადგილს, წყაროს, სულ ერთია, და იპოვეთ თქვენი ხე. შემდეგ დაელაპარაკეთ მას ამინდზე, მოუყევით თქვენს შესახებ, ესაუბრეთ ნებისმიერ რამეზე და ხე აუცილებლად მოგისმენთ“,-ამბობს ცუკამოტო. 

Facebook Comments