ბიზნესი

ნახეთ, როგორ მოაწყო ჟურნალისტმა კახეთში, მშობლების ძველ ეზო-კარში ოჯახური სასტუმრო

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი საცხოვრებლად მშობლიურ სოფელ ვაქირში დაბრუნდა და მამა-პაპისეულ სახლში ოჯახური სასტუმრო „თომა პაპას მარანი“ გახსნა.

სახლის სხვენსა და მეზობლებში ნელიმ ძველი ნივთები მოიძია და სასტუმროში რომანტიკული, რეტრო გარემო შექმნა. ეზო კი, თავისი ხელით შექმნილი დეკორაციებით მორთო. აქ უამრავი კუთხე-კუნჭულია, სადაც სტუმრები ორიგინალური სელფების გადაღებას შეძლებენ. მათ შორის, ნელის მიერ შექმნილ საფრთხობელასთან, რომელსაც ჟურნალისტმა სახელიც დაარქვა- დურო- დურმიშხანი. 


ორი დღის წინ ნელიმ პირველი სტუმრები მიიღო, ცოლ-ქმარი ბელარუსიდან. ისინი რამდენიმე დღეს „თომა პაპას მარანში“ , სოფლის იდილიაში გაატარებენ. სტუმრებს ნელი თავად ემსახურება და თავისივე თონეში  გამომცხვარი დედას პურითა და კახური ღვინით უმასპინძლდება.

როგორც ჟურნალისტი და ახლა უკვე „ბიზნესვუმენი“ ნელი ვარდიაშვილი „ინფო ფოსტალიონთან“ საუბარში ამბობს, მისი პირველი სტუმრები, მაქსი ირინა ექიმები არიან მინსკიდან. ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ, მასპინძელთან ერთად დაუვიწყარი დღეები გაატარეს და საქართველოს აღფრთოვანებულები ტოვებენ.

„გაოგნებული არიან კახეთის ბუნებით, ჩიტების ჭიკჭიკით და ჩემი ნახელავით. ჩვენი კერძები ძალიან მოეწონათ, ჩაქაფული, მწვადი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ჩურჩხელა და ხინკალი, ქართულ სიმღერებზე გაგიჟდნენ, გადაიღეს ყველა სიმღერა, რომელიც სტუმრად მოსულმა მეზობლებმა მათთვის შეასრულეს ჩონგურზე.  მაქსი ხელმარჯვეა და სამი დღის განმავლობაში მეხმარებოდა კიდეც. მოწნული ჭაღები დამიმონტაჟა.

კახეთი ჩემი  მანქანით დავათვალიერებინე. ვიყავით მდინარე ალაზანზე. ასევე ვაქირის ტაძარში, რომელიც არის მეექვსე საუკუნის. ამ ტაძარში ქეთევან დედოფალმა ბოლო ღამე გაათენა, როცა შაჰის კარზე მიჰყავდათ. ყველაფერი აინტერესებთ. ვიყავით ვენახში, გადაიღეს ფოტოები. მაქსს განსაკუთრებით ჩვენი ბუბუნება ხიბლავს, ირინა კი ამბობს: გაქვთ ქვეყანა, სადაც წელიწადის ყველა დრო შეიძლება ნახო ერთ დღეშიო. მოკლედ საქართველოს აღფრთოვანებულები ტოვებენ და მპირდებიან, რომ სხვებსაც ურჩევენ თომა პაპას მარანში დასვენებას“,-ამბობს ნელი ვარდიაშვილი.

Facebook Comments