ბიზნესი

ბადრი ჯაფარიძე – ანაკლიის პროექტს შეფერხება არ ემუქრება

არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ვადებში, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის მიზანი შეთანხმების მიღწევა არ ყოფილა და მსჯელობა გრძელდება. მისივე თქმით, საუბარია არა ტვირთბრუნვის, არამედ ტვირთის მოძრაობის რისკის დაზღვევაზე.

“ვეძებთ მექანიზმებს, თუ როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმები. დღევანდელი შეხვედრის ამოცანა არ იყო შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საფუძვლის მომზადება. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდება და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,

მინისტრის განმარტებით, პროექტისადმი და პროექტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ასევე მთავრობას.

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

Facebook Comments