პირველი სასტუმრო-კაფსულა იაპონიაში 1979 წელს მოიგონეს და მას შემდეგ ცვლილება არ განუცდია

სასტუმრო-კაფსულა, რომელიც უბრალოებითა და სიიაფით არის გამორჩეული, პირველად იაპონიაში მოიგონეს. მათი ნახვა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის სიცოცხლით სავსე კვარტლებშია შესაძლებელი. იაპონიაში მათ ხშირად საუნებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ახლოს ნახავთ. კაფულა-სასტუმრო ძალიან მოხერხებულია მათთვის, ვისაც ტაქსის ფულის დაზოგვა, ან მცირე თანხით კარგად გამოძინება სურს.

პირველი კაფსულა-სასტუმრო ოსაკაში 1979 წელს გაჩნდა. მისი ავტორია არქიტექტორი კუროკავა კისიო, მრავალი ცნობილი პროექტის ავტორი მთელ მსოფლიოში. გამოფენაზე „ექსპო 70“, რომელიც ოსაკაში მიმდინარეობდა, მან წარმოადგინა „საცხოვრებელი კაფსულის“ მაკეტი და სწორედ მას დაუკავშირდნენ სასტუმრო-კაფსულის პროექტის შესაქმნელად.

მისი სქემა წარმოადგენს 2 მ. სიგრძის „კაფსულებს“, რომლებიც ორ იარუსადაა განლაგებული, კორიდორის ორივე მხარეს. „ნომრებს“ კარების ნაცვლად მხოლოდ ასწევი ფარდა აქვს. 1979 წლის პროექტს დღემდე ცვლილება არ განუცდია.

კაფსულა-სასტუმრო პოპულარულია ხელმოკლე მოგზაურებში, ასევე სტუდენტებში, რომლებსაც, სასწავლებლიდან სახლამდე გრძელ გზაში ფულისა და დროის ფლანგვას კაფსულაში ღამის გათევა ურჩევნიათ.

უსაფრთხოების გამო, ასეთი სასტუმროთი ქალები ფაქტიურად არ სარგებლობდნენ, ამიტომ თითქმის ყველა კაფსულა-სასტუმრო მამაკაცებზე იყო გათვლილი. ბოლო დროს კი, გაიხსნა ისეთებიც, სადაც რამდენიმე სართული მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, გაჩნდა „კაიუტის“ ტიპის სასტუმრო-კაფსულები, სადაც არის მაგიდა და სკამი. ხოლო აეროპორტთან მდებარე სასტუმრო- კაფსულები თვითმფრინავის პირველი კლასის ადგილს მოგაგონებთ. 

Facebook Comments

ახალი დადებული