უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ყოფილი ძალოვანი გიორგი სამუშია დააკავეს

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკავებულია საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია.

გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ 2012 წლის ივლისში სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა.  უარის მიღების შემდეგ კი, სასტიკად აწამა. გიორგი სამუშია 2015 წელს მოქალაქეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა შემდეგ პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. სამუშიამ საქართველოს დატოვება მოახერხა და საზღვარგარეთ წავიდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე გამოჩნდა, სადაც მან ქართველი ჟურნალისტებისა და საპირისპირო აზრის მქონე ქართველი ემიგრანტების მიმართ ცრელმსადენი სფრეი გამოიყენა. 

ბოლო პერიოდში სამუშია სოციალურ ქსელში გააქტიურდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილო ქართველი ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, როგორც ემიგრანტები წერენ, ის ხშირად შედის მათთან კონფლიქტში და პირად შეტყობინებებში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის.

როგორც გიორგი სამუშიას ოჯახი ამბობს, ის საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, მაგრამ უარის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრა და იქიდან საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშრისო ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართავს.

Facebook Comments

ახალი დადებული