ისტორია უცხოური მედია

რუსეთში პირველად გამოქვეყნდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საბჭოთა ორიგინალი

სსრკ-ში თავდაუსხმელობის შესახებ საიდუმლო პროტოკოლის არსებობას უარყოფდნენ. ის 1992 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა,-ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ფონდის „ისტორიული მესიერება“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ორიგინალისა და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლის ფოტოები. შესაბამისი პუბლიკაცია ვებგვერდზე 31 მაისს გაჩნდა. დასკანერებული მასალა ფონდს რუსეთის საგარეო უწყების ისტორიულ – დოკუმენტურმა დეპარტამენტმა გადასცა.

თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება სულ ორ გვერდზე წერია, საიდუმლო პროტოკოლი კი, რომელიც სსრკ-სა და გერმანიას შორის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის ზონების გადანაწილებას ეხება – 1,5 გვერდზე. თვითონ პაქტი ხელმოწერის შემდეგ მაშინვე გამოქვეყნდა, ინფორმაცია დამატებით პროტოკოლზე კი, გრიფით საიდუმლო ინახებოდა, თუმცა ინფორმაციამ მალევე „გაჟონა“ დიპლომატიურ წრეებში.

1948 წელს აშშ-მ გამოაქვეყნა გერმანული ორიგინალის ფოტოკოპიო, თუმცა თავად ორიგინალი განადგურებული იყო. სსრკ ამ დოკუმენტის არსებობას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივში ინახებოდა. ის ისტორიკოსმა დიმიტრი ვოლკოგონოვმა აღმოაჩინა.

უმაღლესი საბჭოსა და გერმანიის რეიხსტაგისთვის აღნიშნული პროტოკოლის ტექსტი უცნობი იყო. მისი რატიფიცირება არ მომხდარა პარლამენტების მიერ და სტალინსა და ჰიტლერს შორის პირად დე-იურე შეთანხმებას წარმოადგენდა.

Facebook Comments