ეს საინტერესოა ხელოვნება და კულტურა

ჩერნობილში დაღუპული მეხანძრის, ვასილი იგნატენკოს მეუღლის, ლუდმილა იგნატენკოს რეალური ისტორია

სერიალმა „ჩერნობილმა“ ცოტა ხნის წინ IMDb-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი ლუდმილა იგნატენკოა, რეალური პიროვნება, რომელსაც ჩერნობილის ავარიამ უეცრად წაართვა წყნარი ცხოვრება, ქმარი და ბავშვი.

სერიალში მთელი სიცხადით არის გადმოცემული 23 წლის გოგოს ცხოვრების საშინელი მომენტები. როგორ უყურა მან დასხივების შედეგად, საყვარელი მეუღლის საზარელ სიკვდილს. 

გამოცემა DTF შეეცადა, ეპოვნა რეალური ლუდმილას ისტორია და გაერკვია, ხომ არ გაამძაფრეს ფილმის შემქმნელებმა გოგონას დრამატული ისტორია. როგორც გაირკვა – არა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმშია ნაჩვენები.

არსებობს ლუდმილა იგნატენკოსთან ჟურნალისტების მიერ ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ და ძალიან ცოტა ფოტოსურათი. ის იშვიათად იყო პუბლიკაციების გმირი, ბედზე არასდროს წუწუნებდა და ინტერვიუზე დიდი ხალისით არ თანხმდებოდა. ის ძალიან მორიდებული ადამიანი იყო და ცდილობდა, ნაკლები ყურადღება მიეპყრო. ამის გამო, კატასტროფის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. 

ახალშობილის დაღუპვის შემდეგ ლუდმილას სახელმწიფომ ბინა გამოუყო, სადაც ის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ვინ იყო ბიჭის მამა, ამის შესახებ მას არავისთან უსაუბრია. ბავშვი თანდაყოლილი ასთმით დაიბადა და ლუდმილა იძულებული იყო ოჯახის სარჩენად ქუჩაში ორცხობილები გაეყიდა. სახელმწიფომ ჩერნობილის ქვრივები დიდი ხნით დაივიწყა.

ლუდმილას შესახებ მსოფლიომ 1997 წელს შეიტყო, როდესაც ბელორუსი მწერალი ქალის, სვეტლანა ალექსიენკოს წიგნი „ჩერნობილის ლოცვა“ გამოვიდა. ის ლუდმილას მონოლოგით იწყება.  

წიგნი შვედმა რეჟისორმა, გუნარ ბერგდალმა წაიკითხა და პირველმა ფურცლებმა ისე მონუსხა, რომ კიევში ჩავიდა ლუდმილაზე ფილმის გადასაღებად. 

„ლუდმილას ხმა“ 2001 წელს გამოვიდა და შვედეთის ეროვნული კინოაკადემიის პრიზი „ოქროს ხოჭო“ დაიმსახურა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“. 

ლუდმილა იგნატენკო, დაღუპული მეხანძრის (ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე ხანძარს აქრობდა) ცოლი: ნაწყვეტი მოგონებებიდან

არ ვიცი, რაზე ვისაუბრო… სიკვდილზე, თუ სიყვარულზე? თუ ეს ერთი და იგივეა… რაზე?

ის შეიცვალა- ყოველ დილით სხვა ადამიანს ვხედავდი .. დამწვრობა ზემოთ ამოდიოდა.. პირში, ენაზე, ლოყებზე – ჯერ პატარა წყლულები გაჩნდა, მერე გაიზარდა.. ლიმფა კოლტებად მოდიოდა.. თეთრად.. სახის ფერი… სახის ფერი… ლურჯი, წითელი.. ნაცრისფერი.. არადა ის ასეთი, მაინც ჩემია, ასეთი საყვარელი“ ამის მოყოლა შეუძლებელია ამის დაწერა არ შეიძლება და გადატანაც… შვება იყო, რომ ეს ყველაფერი მომენტალურად ხდებოდა, არ იყო დრო ტირილის და ფიქრის.

მე ის მიყვარდა! არც კი ვიცოდი, როგორ მიყვარდა! ჩვენ ახალი შეუღლებული ვიყავით.. მივდივართ ქუჩაში. უცბად ხელებს მკიდებს და მაბზრიალებს. და მკცნის, მკოცნის. ადამიანები გვერდით მიდიან, ყველა იღიმის.

მწვავე სხივური დაავადების კლინიკა- 14 დღე.. 14 დღეში ადამიანი კვდება…

მაგიდაზე ფორთოხალი უდევს, ყვითელი არა, ვარდისფერი. იღიმება: „მომართვეს. აიღე“. ექთანი კი, ფარდის იქიდან ხელით მანიშნებს, რომ არ შეიძლება ამ ფორთოხლის ჭამა. იმის გამო, რომ მის გვერდით იდო გარკვეული დროით. ჭამა კი არა, მიკარებაც არ შეიძლება. „მიდი ჭამე,- მთხოვს- შენ ხომ გიყვარს ფორთოხალი“. ვიღებ ხილს . ამ დროს ის თვალებს ხუჭავს და იძინებს. სულ ნემსებს უკეთებდნენ, რომ დაეძინა. ნარკოტიკებს. ექთანი შიშით მიყურებს. მე კი? მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ მან სიკვდილზე არ იფიქროს. და იმაზე, რომ მისი დაავადება საშინელია, და იცოდეს, რომ მე არ მეშინია. რაღაც საუბრის ნაწყვეტი.. ჩემს მოგონებაში.. ვიღაც მეუბნება: „უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს წინ არა საყვარელი ადამიანი, არამედ რადიოაქტიული ობიექტია, რომელიც ასხივებს. თვითმკვლელი ხომ არ ხართ. თავი ხელში აიყვანეთ“. მე კი გიჟივით: „მე ის მიყვარს“ „მიყვარს“. მას ეძინა, მე ვჩურჩულებ: „მიყვარხარ“. მივდივარ საავადმყოფოს ეზოში : „მე შენ მიყვარხარ“. მიმაქვს სუდნო: „მიყვარხარ“. ვიხსენებ, როგორ ვცხოვრობდით ადრე.. ჩვენს საერთო საცხოვრებელში… ის მხოლოდ მაშინ იძინებდა, როცა ხელს მომკიდებდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა: ძილში ჩემი ხელი ეჭირა.. მთელი ღამე…

ავწევ მის ხელს, ძვალი ქანაობს, ხორცი მსცილდება.. ფილტვის და ღვიძლის ნაწილები პირიდან ამოსდის.. თავისი შიგნეული ახრჩობს. ხელზე ნაჭერს ვიხვევ და პირში ვუყოფ, რომ გამოვუღო ეს ყველაფერი. ამის მოყოლა შეუძლებელია, წერაც… და გადატანაც… მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელია.. ფეხზე ვერცერთი ზომის ფეხსაცმელი ვერ ჩავაცვით. კუბოში ფეხშველი ჩავაწვინეთ…

ორი თვის შემდეგ მოსკოვში ჩავედი. სადგურიდანვე საფლავისკენ გავემართე.. მასთან!

და იქ დამეწყო მშობიარობა… როგორც კი მას დაველაპარაკე.. გამოიძახეს სასწრაფო. ორი კვირით ადრე გავაჩინე. 

მაჩვენეს.. გოგო.. „ნატაშენკა- დავუძახე- მამაშენმა დაგარქვა ეს სახელი“ შესახედავად ჯანმრთელი ბავშვია. ფეხი, ხელი… მას ღვიძლის ციროზი აქვს… ღვიძლში 28 რენტგენი… გულის თანდაყოლილი მანკი… ოთხ საათში მითხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა.

იქ, საფლავზე ნატაშა იგნატენკო არ წერია, მხოლოდ მამამისის სახელია. ბავშვს სახელიც ვერ დავარქვი, არაფერი არ ჰქონდა, მხოლოდ სული.. სწორედ ეს სული დავმარხე მამამისთან. 

მათთან ყოველთვის ორი თაიგული მიმაქვს. საფლავზე მუხლებით ვხოხავ. მე ის მოვკალი.. მე… ის.. მან მე გადამარჩინა, ჩემმა გოგომ. მან თავის თავზე აიღო რადიაციული დარტყმა. ასეთმა პატარამ, პაწაწინამ. მან გადამარჩინა. მე ორივე მიყვარს.. ნუთუ შესაძლებელია სიყვარულით მოკლა? ასეთი სიყვარულით! რატომ არიან ერთად.. სიყვარული და სიკვდილი… ვინ ამიხსნის? 

ჩვენ აქ ბევრნი ვართ.. მთელი ქუჩაა. ასევე ჰქვია- ჩერნობილის ქუჩა… მთელი ცხოვრება ეს ხალხი ელექტროსადგურზე მუშაობდა. ზოგჯერ ახლაც მიდიან, რაღაცას აკეთებენ. მაგრამ იქ აღარ ცხოვრობენ. მათ მძიმე დაავადებები აქვთ. ინვალიდები არიან, მაგრამ სამუშაოს მაინც ასრულებენ. იმის გაფიქრებაც კი ეშინიათ, რომ რეაქტორს გააჩერებენ. ვის რაში სჭირდება ისინი სხვა სამსახურში? ხშირად კვდებიან. უცბად. ზოგჯერ სიარულის დროს. მიდის, დავარდა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. გული მიკვდება. ისინი კვდებიან, მაგრამ არასდროს ბოლომდე არავის გამოუკითხავს, რა გადავიტანეთ. არ უნდა ხალს სიკვდილის ამბების მოსმენა. 

მაგრამ მე თქვენ მოგიყევით სიყვარულზე.. როგორ მიყვარდა…“

2015 წელს ლუდმილამ კვლავ მისცა ჟურნალისტს ინტერვიუ. ამჯერად ალექსიევჩის ნობელის პრემიის მიღებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ შვილთან ერთად მძიმე დღეები გადაიტანა, თუმცა ახლა ორივე ბედნიერად ცხოვრობს. 

სერიალში ლუდმილას როლი მსახიობმა ჯესი ბაკლიმ შეასრულა, რომელიც გარეგნულად საოცრად ჰგავს ლუდმილას. 

ამ ქალის ცხოვრება და ბედისწერა- ეს არის ჩერნობილის ქვრივების საერთო სურათი. ნათელი და უდარდელი ახალგაზრდობა ახალაშენებულ პერსპექტიულ ქალაქში ეროვნულმა და პირადმა ტრაგედიამ ჩაანაცვლა ქვეყანაში, რომელმაც გადაწყვიტა, დაევიწყებინა ჩერნობილის  ქვრივები. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტექნოგენური კატასტროფის ლიკვიდატორიების  ცოლები.

ლუდმილა იგნატენკოს ისტორია იმის დასტურია, რომ ხსოვნისთვის არ არის საჭირო, ადამიანი უდიდესი გმირი, ან გამომგონებელი იყოს. ზოგჯერ საკმარისია, ღირსეულად გადალახო ბედის დარტყმები, რათა შემდეგ, მსგავს სიტუაციაში სხვებისთვის მაგალითი გახდეს.


Facebook Comments
თეგები