მისტიკა და ჩვეულებები

ელიზა ლამის სიკვდილის წინ გადაღებული ფოტო დღემდე საიდუმლოთია მოცული

21 წლის სტუდენტის, ელიზა ლამის ფოტო, რომელიც ლოს ანჯელესის სასტუმრო „სესილის“ ლიფტშია გადაღებული, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ფოტოდ ითვლება. ლიფტში დამონტაჟებულმა კამერამ გოგონა გაუჩინარების დღეს აღბეჭდა. ელიზა ლიფტში მარტოა, თუმცა ჩანს, რომ დაბნეული და შეშინებულია.

ვიდეოზე გოგონას ცხოვრების ბოლო მომენტებია აღბეჭდილი. 

ელიზა ლამი კანადაში მცხოვრები, ჰონგ-კონგიდან ემიგრირებული ოჯახიდან იყო. ის ლოს ანჯელესში სამოგზაუროდ მარტო იყო ჩასული. გოგონა ოჯახს ყოველდღე უკავშირდებოდა და სიკვდილის წინ მათთვის სუვენირებიც შეიძინა.

2013 წლის 31 იანვრის შემდეგ ელიზა ლამი ცოცხალი აღარ უნახავთ. მისი ცხედარი სასტუმროს სახურავზე, წყლის რეზერვუარში 19 თებერვალს იპოვეს, მას შემდეგ, რაც სასტუმროს მცხოვრებლებმა წყლის უცნაური ფერისა და გემოს გამო, ადმინისტრაციას მიმართეს. ლიფტის ვიდეოსა და ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ელიზა ლამის სიკვდილმა გაცილებით მეტი კითხვა წარმოშვა, ვიდრე პასუხი.  თითქმის წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა ასულიყო გოგონა უზარმაზარი წყლის ავზზე, რომლის სახურავიც დაკეტილი იყო.

ლიფტში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ელიზა ლიფტის ღილაკებს აჭერს ხელს, თუმცა კარი არ იკეტება, ჩემდეგ ვხედავთ, როგორ ცდილობს გოგონა, ვიღაცას დაემალოს. შემდეგ გადის ლიფტიდან და აქეთ-იქით იხედება. ისევ შემორბის ლიფტში და ღილაკებს ხელს აჭერს. თუმცა ლიფტის კარი მაინც არ იკეტება. ელიზა გადის და ვიღაცას ეჩხუბება, თუმცა ფირზე სხვა არავინ ჩანს. ცოტა ხანში ლიფტის კარი იხურება.. და ისევ იღება. ელიზას ამის შემდეგ ვეღარ ვხედავთ. 

4 წუთიანმა უცნაურმა ვიდეომ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია აშშ-ში, კანადასა და ჩინეთში, საიდანაც გოგონა იყო წარმოშობით. ბევრმა შემთხვევა მკვლელობას მიაწერა, ბევრმა კი, პარანორმალურ მოვლენას. არსებობს ვერსიაც, რომ გოგონა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეში იყო, თუმცა ექსპერტიზამ მის სხეულში აკრძალული  ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა. კიდევ ერთი ვერსიით, ელიზას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, ამის შესახებ მან რამდენჯერმე დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა მისი მშობლები ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემებს უარყოფდნენ და სასტუმროს წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანეს.. 

უცნაურია, რომ სასტუმრო „სესილთან“ დაკავშირებით არსებობს სხვა შოკისმომგვრელი ფაქტებიც:

-ამ სასტუმროში სხვადასხვა დროს ორი ცნობილი სერიული მკვლელი ცხოვრობდა.

-სასტუმროს მახლობლად, ერთ-ერთ კვარტალში ტუბერკულოზის უცნაური აფეთქება მოხდა და რაც ყველაზე უცნაურია, ამ კვარტალს ლამ-ელიზა ჰქვია.

– დიდი ხნის წინ, 1947 წელს მსახიობი ტერეზა ელიზაბეტ შორტი სასტუმრო „სესილში“ უკანასკნელად ნახეს ცოცხალი. ის მოგვიანებით სადისტურად ნაწამები და მოკლული იპოვეს. 

მიუხედავად აღნიშნული არგუმენტებისა, პროკურორმა მიიჩნია, რომ გოგონას სიკვდილი მართლაც უკავშირდება ბიპოლარულ აშლილობას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ელიზა ანტიდეპრესანტს იღებდა. ექიმების თქმით, შესაძლოა, არასწორი დოზით ან ინტერვალით მიღებულმა ანტიდეპრესანტმა მსგავსი ქცევა გამოიწვიოს. ამასთან, როგორც გაირკვა, თავდაპირველად გოგონა საერთო ნომერში ცხოვრობდა, თუმცა მისი უცნაური ქცევის გამო, ოთახში მცხოვრებმა სხვა სტუმრებმა სასტუმროს ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს, სახვა ოთახი გამოეყოთ მისთვის.

თუმცა მაინც პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ ჩაირთო სასტუმროს სახურავზე, წყლის ავზებზე დამონტაჟებული სიგნალიზაცია, როდესაც ელიზა მასზე ასვლას ცდილობდა.

Facebook Comments