ხელოვნება და კულტურა

გიორგი ელისაშვილი – სერიალ „ჩერნობილში“ ბაჩო მამაჩემის სახეა

HBO – ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სერიალში „ჩერნობილი“, ბაჩო მამაჩემის სახეა, მას გაუმართლა და ამ ამბების შემდეგ მიღებულმა რადიაციულმა დოზამ 20 წელი კიდევ აცოცხლა,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში GDS-ის ფინანსური დირექტორი, გიორგი ელისაშვილი წერს.

გიორგი ელისაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამის მიერ, კატასტროფის ლიკვიდაციისთვის მიღებული ორდენის ფოტოც გამოაქვეყნა.

„ეს არის #HBO -ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი #ჩერნობილი. მეორე ფოტოზე სერიალის ერთ-ერთი გმირი ბაჩოა საქართველოდან. ბაჩო მამაჩემის სახეა, რომელიც საბჭოთა დამპალმა სისტემამ დაახლოებით 500,000 ახალგაზრდასთან ერთად წაიყვანა უსისხლო სასაკლაოზე, მოტყუებით, ინფორმაციის დამალვით, დაშინებით … მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ცკ-ს ბრძანებით „სსრკ-ში არ შეიძლებოდა ატომური ავარია მომხდარიყო“ და ამის შესახებ ცივილიზებულ მსოფლიოს გაეგო. 
მამაჩემს „გაუმართლა“ და ამ ამბების შემდეგ, მიღებულმა რადიაციულმა დოზამ 20 წელი კიდევ აცოცხლა. ეს მედალი დაგვრჩა ამ საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა და დღემდე კვდებიან ნელი სიკვდილით“,-წერს გიორგი ელისაშვილი.

სერიალში „ჩერნობილი“, ქართველი ბაჩო, რომელიც საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში ავღანეთში იბრძოდა, კატასტროფის ადგილზე ჩადის ბირთვული ელქტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ. ბაჩო და რამდენიმე მოხალისე ცხოველებს კლავენ, რომლებიც რადიაციის გადამტანები არიან.

ცნობილია, რომ ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის 1986-1988 წლებში საქართველოდან 2 ათასი ადამიანი გაგზავნეს. ბევრი მათგანი ძლიერი დასხივების შედეგად, ინვალიდი გახდა.

სერიალში ქართველი ბაჩოს როლს ლიბანური წარმოშობის შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს.


Facebook Comments