ისტორია

ებრაული გამოცემა – გაიცანით ქართველი „შინდლერი“ იოსებ ელიგულაშვილი

ებრაული გამოცემა – ბევრმა არ იცის, რომ იოსებ ელიგულაშვილი ქართველი შინდლერი იყო

ებრაელები საქართველოში ყველაზე ინტეგრირებულ უმცირესობად ითვლებოდა, მათი გვარები ხშირ შემთხვევაში ქართულისგან ძნელად გასარჩევი იყო, ხოლო ქართული ენა მშობლიური ენა იყო, ისინი იცვამდნენ როგორც ადგილობრივები და იკავებდნენ საქართველოში მაღალ პოსტებს ყველა სფეროში, ამასთან, არ კარგავდნენ საკუთარ ტრადიციებს,- ამის შესახებ ებრაული გამოცემა jewish წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ებრაელებმაც მოაწერეს ხელი. – ესენი იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი და ილია გოლდმანი. ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი კი, ცხინვალში დაბადებული მოშე დავარაშვილი იყო.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს ილია გოლდმანის ინიცირებით, მოხდა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების თავშესაფრის, ლევილის მამულის შეძენა პარიზში. იოსებ ელიგულაშვილი კი, ბედისწერის წყალობით, „ქართველი შინდლერი“ გახდა, რომლის შესახებაც თითქმის არავინ არაფერი იცის,-წერს jewish.

იოსებ ელიგულაშვილი ქუთაისში დაიბადა, განათლება მოსკოვში მიიღო, უკან დაბრუნებული კი აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. 1919 წელს ის ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის სიით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა.

1921 წელს იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო, ის პარიზში დასახლდა, სადაც საკმაოდ ძლიერი ქართული დიასპორა შეიკრიბა. მათი მშვიდი ცხოვრება ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკკუპაციის დროს დამთავრდა.  

იოსებ ელიგულაშვილი ნაცისტებმა ერთ-ერთი პირველი დაიჭირეს, საბედნიეროდ, გერმანიაში თავისი ძველი კონტაქტების წყალობოთ, მიხეილ კედიამ – საქართველოს ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის შვილმა ელიგულაშვილის გადარჩენა შეძლო. ელიგულაშვილმა და კედიამ საერთო ძალისხმევით ფაშისტების ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. გამოცემის ცნობით, ამის გაკეთება მათ შეძლეს ქართველი ებრაელების შესახებ „მეცნიერულად დასაბუთებული “ მემორანდუმით, რომელიც ოკუპირებულ პარიზში ნაცისტების წარმომადგენლებს გადაუგზავნეს. 

მემორანდუმში ნათქვამი იყო, რომ ქართველი ებრაელები ეთნიკური ქართველებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ: „არ გააჩნიათ არანაირი კომუნისტური და სიონისტური მისწრაფებები“. აღნიშნული დოკუმენტის წყალობით გაჩნდა შესაძლებლობა გადაერჩინათ ყველა ქართველი ებრაელი. დაიწყო ყალბი საბუთების დამზადება- ევროპელ ებრაელებს გვარის ბოლოში უმატებდნენ ძე-ს და შვილ-ს. ეს გარკვეულწილად საკმარისი იყო, რომ მათი ქართული წარმოშობა დაემტკიცებინათ. 

გამოცემა წერს, რომ ელიგულაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ, 20 ათასამდე ებრაელი გადაურჩა ბანკში გაგზავნას. მათგან ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა რეალურად კავშირი საქართველოსთან. დანარჩენები იყვნენ ირანელი, თურქი, და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ებრაელები. ომს თვითონ ელიგულაშვილიც გადაურჩა, თუმცა 1952 წელს პარიზში ისე დაიღუპა, რომ სამშობლოში არასდროს ჩასულა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni