პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟენევაში, სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, წერს 1 Tv.ge.

პრეზიდენტის თქმით, დასავლეთში საქართველოს მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ იმ ზეწოლას, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ახორციელებს, იმის გამო, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას ადგას.

„მე არ მაქვს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩემი აზრით, ცხადია, რომ ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს და ევროკავშირში მიმავალ გზასაც, განსხვავებულად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

„ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთით არ არის“, – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.

„მათ მეტი უნდა ისაუბრონ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. საქართველოს საკითხი რუსეთთან ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni