საზოგადოება

„მაგთიკომი“ მაგთი ფიქსის ლიცენზიის ვადის ამოწურვაზე განცხადებას ავრცელებს

შპს „მაგთიკომის“ 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

“მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები.

მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილი იყოს მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა”,- წერია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით ორ თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის,  მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა უწყების ცნობით, „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ  ყველა შესაძლო  გამოსავალზე  უარი განაცხადა

Facebook Comments