სპორტი

ფეხბურთი ხელოვნებაა მაშინ, როცა მას მარადონა, პელე, მესხი, მეტრეველი, ბექემი, რივალდო თამაშობენ…

,, ადრე, წლების წინ იტყოდნენ ხოლმე ჩვენში – მეტრეველი ფეხბურთის მოცარტიაო. მესხზე ამბობდნენ – თუ მეტრეველი მოცარტია, მაშინ მესხი ბეთჰოვენიაო და თქვენ წარმოიდგინეთ, არავინ დაობდა. ფეხბურთელს კომპოზიტორს ადარებდნენ და არავინ კამათობდა.
მაშინდელი ფეხბურთი ხელოვნება იყო.
ახლა, როცა უცქერ პირველიდან ბოლო ცენტამდე გათვლილ ფულის მანქანას, თანამედროვე ფეხბურთი რომ ჰქვია, როცა ყელში გაქვს ამოსული კრეატინით გაჭყეპილი მორბენალი სანახაობა, იმ, ,,კომპოზიტორების“ ეპოქასაც იხსენებ კაცი და კითხვა გებადება:
არის თუ არა ფეხბურთი ხელოვნება?
კიდეც ჰო და კიდეც არა.

ფეხბურთი ხელოვნებაა მაშინ, როცა მას მარადონა, პელე, მესხი, მეტრეველი, ბექემი, რივალდო თამაშობენ…
ფეხბურთი ვერ იქცევა ხელოვნებად ანჯელო დი ლივიოს, გატუზოს, კოვტუნის, იერემისის ხელში.
ფეხბურთის უბედურებაა, როცა თამაშობენ ვიეირები, გორლუკოვიჩები და ბაჯო აღარავის სჭირდება.
აღარავის სჭირდება იმიტომ, რომ ბაჯოც კომპოზიტორია.
კომპოზიტორს დროც, სივრცეც, მელოდიაც, ჰარმონიაც თავისთვის სჭირდება. მას გუნდიც თავისთვის სურს და მეოცე საუკუნის მიმწუხრი მეტად ცუდი პერიოდია ამეებისთვის.

ახლა ის დროა, როცა კომპოზიტორის ხელის აქნევას სულგანაბული აღარავინ ელის. ახლა ხელის აქნევისთვის კომპოზიტორს ხელს მოაჭამენ.
იერემისი, კოვტუნი, გატუზო, ვიეირა… კიდევ უამრავი. ასეთებით სავსეა ფეხბურთი. ასეთები სჭირდება თანამედროვე ფეხბურთს.
მაგრამ ფეხბურთიც ხომ სჭირდება ხალხს, ქომაგს, გულშემატკივარს. იმათ, ვინც ფულს იხდის და მუსიკას უკვეთავს.
ცუდ მუსიკაში ფულს აღარავინ გადაიხდის. ეს კარგად იციან კუპიურული ფიქრებით თავგამოტენილმა მენეჯერებმა და ათ დი ლივიოს ყოველთვის შეუთავსებენ–ხოლმე ერთ რუი კოშტას მაინც.

მერე რა, რომ რუი კოშტა არ არის მარადონა. არც ვაგნერი იყო ბახი, მაგრამ როცა მუსიკაზეა საუბარი, ბახთან ერთად ვაგნერსაც მოიხსენიებენ.
აი, დი ლივიოების საქმე კი ცუდადაა – დროსთან მიმართებაში.
ცუდადაა, რადგან არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს კომპოზიტორ და ფეხბურთელ დი ლივიოს შორის.

და მაინც, თანამედროვე ფეხბურთში მომრავლდა ხალხი, ვინც შეხედავს ბაჯოს, ორტეგას, დენილსონს, ტუჩს აიბზუებს, გატუზოს ხელს გადახვევს, კოვტუნს თვალს ჩაუკრავს და ათვალწუნებით იტყვის – მუზიკანტ!
მომრავლდა, მუმლივით მოედო ასეთი ხალხი ფეხბურთს. ,,აიაქსშიც“ კი შეაღწიეს და… ,,აიაქსი“, ერთ დროს ,,ავე მარიასავით“ ფეხბურთის მოთამაშე ,,აიაქსი“… დღეს ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ,,ა ტალანტის“ სოლისტის ნამღერს უფრო შეადარებ კაცი და თუ ხანდახან ,,აიაქსიც“ მღერის ,,ავე მარიას“, ეს ვოუტერსზე მეტად ბრაიან ლაუდრუპის ბრალია. იქ ლაუდრუპია კომპოზიტორი, ვოუტერსი კი ფეხბურთზე შეყვარებული, ფეხბურთს შეჩვეული კაცია, რომელსაც ჰგონია, კომპოზიტორი ერთნაირად დააკვრევინებს ,,ლა სკალაშიც“ და ჩოხატაურის რაიონულ ოლიმპიადაზეც.
მაგრამ საფეხბურთო ბედნიერებებიც არსებობს.

არსებობს პრემიერლიგა, სადაც ყველაზე უკეთ თამაშობენ, იციან, ესმით, გრძნობენ ფეხბურთს. ბოლოს და ბოლოს, სადაც ფეხბურთი მოიგონეს.
თუ იქ დაგაფასეს, მორჩა, გათავდა, სხვა ჯილდო არ გინდა ფეხბურთელს.
ბედნიერებაა, რომ ერთი ქართული საფეხბურთო ბედნიერებაც გაჩნდა.
გიორგი ქინქლაძე პრემიერლიგაში ითამაშებს ისევ.
თანამედროვე ქართველებში ქინქლაძე ყველაზე მეტადაა კომპოზიტორი. ყველაზე ადრ4ეც მან შეიქმნა ვარსკვლავური იმიჯი და ყველაზე მეტადაც მას გაუჭირდა, მაგრამ…

არსებობს პრემიერლიგა. არსებობს ,,დერბი ქაუნთი“. არსებობს ინგლისი. 
ინგლისი, სადაც ყველაზე უკეთ იციან კომპოზიტორების ფასი.”

კონსტანტინე გოგიშვილი
სარბიელი, 1999 წელი.

Facebook Comments