სპორტი

ევროპის 6 წლის ჩემპიონს ქუთაისის მერია დააფინანსებს

გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ 6 წლის ქუთაისელ ვუნდერკინდს, დავით თითვიძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა და უსახსრობის გამო, ბრატისლავაში დაგეგმილ ჩემპიონატზე ვერ მიდიოდა, ქუთაისის მერია მხარში დაუდგება.

„ხალხის ხმას დიდი ძალა აქვს!

მას შემდეგ, რაც გუშინ სოცქსელში სასწრაფოდ გავრცელდა, რომ ქუთაისის მესვეურთა უყურადღებობისა და დაუფინანსებლობის გამო, ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი დავით თათვიძემ შეიძლება საქართველოს სახელით ვეღარ იასპარეზოს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ამ დილითვე განაცხადა, რომ პირადად მოაგვარებს პრობლემას:

,,ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა ქვეყანას ჰყავს ნიჭიერი ახალი თაობა. ცხადია, მათ საკუთარი ქვეყნის და ქალაქის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვთ. ასეთები არიან ქუთაისელი პატარა მოჭადრაკეები დავით თათვიძე და ანასტასია კირთაძე. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოხდეს…

ჩვენ შევხვდებით ანასტასია კირთაძისა და დავით თათვიძის მშობლებს, მწვრთნელებთან ერთად, ვისაუბრებთ და დავგეგმავთ რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ პატარა მოჭადრაკეებს. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას”…

ძალიანაც კარგი!
ეს ნიშნავს, რომ ხალხის ხმას დიდი ძალა აქვს!
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ არაერთმა ადამიანმა მომწერა, დავით თათვიძის მშობლების კოორდინატები მოგვაწოდეთ, ჩვენ დავაფინანსებთ ამ გენიოსსო…“,-წერს გიორგი გიგაური.

Facebook Comments