უცხოური მედია ქალი და მამაკაცი

ბრიტანელი ფოტოგრაფისა და დაქირავებული მკვლელი ქალის სიყვარულის ისტორია

ბრიტანელ ფოტოგრაფს კოლუმბიაში რომანი ჰქონდა დაქირავებულ მკვლელთან, სახელად მირილინი. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა შეყვარებულს თავისი „სამსახურის“ შესახებ მალევე უამბო,- ამის შესახებ ფოტოკორესპონდენტმა  ბი-ბი-სი Outlook-is რადიოგადაცემაში ისაუბრა.

ჯეისონ ჰაუ ბრიტანეთში დაიბადა. ნიჭიერი ფოტოგრაფის ნამუშევრებს მოდური ჟურნალები ყიდულობნენ. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც ლამაზი პეიზაჟების და კიდევ უფრო ლამაზი მოდელების გადაღება მოწყონდა და გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში წასულიყო ფოტოკორესპონდენტად.

თავდაპირველად საომარი მოქმედებების ადგილზე გამგზავრებას მოერიდა და სამუშაოდ კოლუმბია აირჩია, სადაც ათწლეულის განმავლობაში მდარე სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობდა. 

ჯეისონი იქ მემარცხენე ამბოხებულებს დაუკავშირდა ფარკის დაჯგუფებიდან, შემდეგ კი, ბალანსისთვის მემარჯვენე შეიარაღებულ ფორმირებებთან გადაწყვიტა მისვლა. ამისთვის ქვეყნის სამხრეთით, ეკვადორის საზღვრისკენ გაემგზავრა.

სწორედ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში დაქირავებული მკვლელი.

მემარჯვენე დაჯგუფების მებრძოლები. კოლუმბია, 2000 წელი

​ისინი ერთმანეთს ავტობუსში შეხვდნენ და რამდენიმესაათიანი მგზავრობის დროს ბევრი ისაუბრეს.ჯეისონმა ესპანური იცოდა, მარილინმა კი ინგლისური სიტყვები. მგოგო თავის მშობლიურ ქალაქში მიდიოდა და როდესაც შეიტყო, რომ ჯეისონი იქაურ მებრძოლებთან შეხვედრას გეგმავდა, უთხრა, რომ ქალაქში მის მშობლებს სასტუმრო აქვთ, იქვე კი ბარია, სადაც მებრძოლები ხშირად შედიან. იდეალური დამთხვევა.

ჯეისონს და მარილინს ერთმანეთი შეუყვარდათ, მეორე დღეს სასეირნოდ ტბაზე წავიდნენ, სადაც მოილაპარაკეს, რომ ვინაიდან მარილინის მშობლების სახლი, სადაც ჯეისონი ოთახს ქირაობდა, შესაფერისი ადგილი არ იყო შეხვედრებისთვის, ფოტოგრაფი ახლოს მდებარე იაფფასიან სასტუმროში გადავიდოდა.

იმ ღამეს მარილინი მასთან დარჩა, მეორე დილით კი გაანდო, რომ დაქირავებული მკვლელია.

როგორც აღმოჩნდა, მარილინი სწორედ იმ დაჯგუფებაზე მუშაობდა, ვისთან შეხვედრასაც ჯეისონი გეგმავდა თავისი ფოტორეპორტაჟისთვის. ფოტოგრაფი ყვება, რომ თავიდან ვერ მიხვდა, რა უთხრა ქალმა, რადგან ესპანური კარგად არ ესმოდა. 

იმ დროისთვის ფოტოგრაფის შეყვარებულს უკვე 35 ადამიანი ჰყავდა მოკლული.

კოლუმბიაში კონფლიქტს 200 000 ადამიანი შეეწირა. სამოქალაქო ომს მრავალი მხარე ჰყავდა. ერთი მხრივ მემარცხენე დაჯგუფების მებრძოლები, მეორეს მხრივ კი, მემარჯვენე დაჯგუფებების, ასევე კოლუმბიის არმია. მარილინი მემარჯვენეებთან მუშაობდა. მას რამდენიმე პრევოლვერი და დანა ჰქონდა, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ინახავდა. ძირითადად, ხალხს იარაღით კლავდა, თუმცა ზოგჯერ მუცელსაც ფატრავდა. მარილინი დავალებას იღებდა. მკვლელობის შემდეგ მის მიერ მოკლულების ცხედრებს ანაწევრებდნენ და სხეულის ნაწილებს სხვადასხვა ადგილას ყრიდნენ, რათა მსხვერპლი რთული ამოსაცნობი ყოფილიყო. 

ჯეისონმა ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი, რაზეც შეყვარებულმა უპასუხა, რომ მას თავიდან უნდოდა გაეგო, შეეძლო თუ არა ადამიანის მოკვლა, შემდეგ კი ყველაფერი მარტივია.

მარილინი. ჯეისონ ჰოუს ფოტო

როგორც ინტერვიუში ჯეისონმა განაცხადა, კოლუმბიაში იმდენი საშინელება ნახა, რომ იფიქრა, გოგონას დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ისეთ სამყაროში იყო გაზრდილი, სადაც ძალადობა და სიკვდილი ცხოვრების ნაწილია. მან მარილინთან რომანი გააგრძელა მიუხედავად ყველაფრისა. მისი თქმით, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, თანაც არა ადგილობრივი. ასეთები კი, დარწმუნებული არიან, ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ. რაც შეეხება მარილინს, ის ჯეისონს იმიტომ ენდო, რომ ეს უკანასკნელი უცხოელი იყო, არანაირი დაინტერესება არ ჰქონდა არცერთი მხარისგან და შესაბამისად, მასთან საუბრები სრულიად უსაფრთხო იყო.

თუმცა, შემდგომში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. 

პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, როდესაც ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ჯეისონმა უცხოელი ჟურნალისტები დაპატიჟა. მოგვიანებით მათ მარილინიც შემოუერთდა. ქალის დანახვაზე რესტორნის მთელი პერსონალი გაშეშდა, შემდეგ კი, აქეთ-იქით გაიქცნენ. მოგვიანებით მათ თავისი საქციელი განმარტეს: მარილინს ყველა იცნობს, როგორც მკვლელს და როდესაც რესტორანში შევიდა, ეგონათ, ვიღაც უნდა მოეკლა და სროლა ატეხილიყო.

ჯეისონი და მარილინი ძველებურად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავს კარგად გრძნობდნენ, სანამ მარილინმა კიდევ ერთი საიდუმლო არ გაანდო.

როგორც გაირკვა, ქალი უკვე ერთგვარი ფრილანსერი გახდა და შეკვეთებს არა მხოლოდ მემარჯვენე მებრძოლებისგან იღებდა, არამედ კერძო პირებისგანაც, ანაზღაურების ფასად. მას სთხოვდნენ მოეკლა ხან ქმრის საყვარელი, ხან ვიღაც ნათესავი, ხან მევალე. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ მოუყვა ჯეისონს, როგორ მოკლა თავისივე ბიძაშვილები. 

სწორედ ამ მომენტში მიხვდა ჯეისონი, რომ მარილინთან ყოფნა აღარ შეეძლო. როგორ შეიძლება მოკლა ადამიანი ფულის გამო? ის მარილინის პასუხმაც გააოგნა. კითხვაზე, სად ხარჯავდა ამ გზით ნაშოვნ ფულს, გოგომ უპასუხა: „ჯინსებს და კოსმეტიკას ვყიდულობ“. როდესაც ჯეისონმა უთხრა, რომ ამის გაკეთება არასწორია, გოგომ შუბლზე იარაღი მიაბჯინა ყვირილით : “არ გაბედო ჩემი განკითხვა“.

მას გაუმართლა, ჯეისონის თქმით, შეყვარებულს უთხრა: „ან ახლავე მომკალი, ან არასდროს აღარ დამემუქრო“.

ამის შემდეგ მიხვდა, რომ მარილინთან ურთიერთობა კარგს არაფერს უქადდა და მასთან დაშორება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე შეეცადა, ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა.

ჯეისონმა ორგანიზება გაუკეთა მარილინის ინტერვიუს ერთ-ერთ ბერძნულ ტელეარხთან, სადაც გოგონა წყნარად იჯდა და ყვებოდა, ვინ და როგორ ჰყავდა მოკლული. სახეზე ნიღაბი ეკეთა, რომ არავის ეცნო. ამის შემდეგ ჯეისონი ტოვებს კოლუმბიას და აღნიშნული ინტერვიუსა და სხვა ფოტომასალის საფუძველზე იღებს დოკუმენტურ ფილმს მარილინის ცხოვრებაზე, სადაც ცვლის ქალის და მისი მშობლიური ქალაქის სახელებს. 

ჯეისონი და მარილინი

მაგრამ ამით მკვლელთან მისი ურთიერთობა არ სრულდება.

ჯეისონი თავისი ფოტოაპარატით ამჯერად ბაღდადში გაემგზავრა, სადაც ყოველდღიურად საომარი მოქმედებები იყო და უამრავი ხალხი იხოცებოდა. იქ მან მარილინისგან იმეილი მიიღო, სადაც გოგონა თხოვდა, ჩასულიყო და დახმარებოდა ქალაქის დატოვებაში. ჯეისონმა უხეში პასუხი გასცა, თუმცა შემდეგ ინანა და ეცადა, დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. მარილინი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

ჯეისონი მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და კოლუმბიაში გაემგზავრა. 

მის დანახვაზე მარილინის ოჯახის წევრებს ტირილი აუტყდათ. ქალი მემარჯვენე დაჯგუფების წევრებს მოუკლავთ, რადგან ეჭვი შეეპარათ, რომ მას ინფორმაციები გაჰქონდა. ის სასტიკი მეთოდით მოკლეს- ქვებით ჩაქოლეს.

მარილინის მშობლებმა ჯეისონს უთხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ქალაქის სახელიც შეცვლილი იყო და მთავარი მოქმედი პირისაც, ყველა მიხვდა, რომ ეს მარილინი იყო. „ჩვენთან მეზობლები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, ეს მან მოკლა ჩემი ქმარი, ჩემი ნათესავი?“.

ბაღდადში გატარებულმა დრომ უკვალოდ არ ჩაიარა- ჯეისონს პოსტტრავმული სტრესული მოშლილობა დაეწყო და ესპანეთში, სრულიად იზოლირებულ ადგილას, მთაში დასახლდა. წლების განმავლობაში განდეგილივით ცხოვრობდა. 

ცოტა ხნის წინ მან მარილინის ქალიშვილსგან ელექტრონული წერილი მიიღო. ის გაიზარდა, სწავლობს უნვერსიტეტში და ყველაფერი კარგად აქვს. გოგონამ ჯეისონს შეხვედრა სთხოვა, რათა მისგან დიდი ხნის წინ დაღუპული დედის ამბები მოესმინა. „როგორც ჩანს, ქალიშვილს უნდა, გაიგოს დეტალები დედის „სამსახურზე“, როგორ კლავდა, ვის და რატომ“,- მიაჩნია ჯეისონს.

BBC-ს ცნობით, ისინი მალე შეხვდებიან. ჯეისონი უკეთაა და მარილის შვილის გამო მზად არის, შეწყვიტოს განდეგილად ყოფნა. 

Facebook Comments