სამართალი

არ ვიცი რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, მკაცრი რეაგირება იქნება

Nusagi

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი გააკეთა ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.

„როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დარღვევებზე აქვს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება, ისჯება კანონით და მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უკვე მოახდინა რეაგირება – დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილი ასევე გამოეხმაურა ვასაძის განცხადებას პოლიციის კორდონების გარღვევასთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება”, -აღნიშნა მეზვრიშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,374 ნახვა
%d bloggers like this: