კრიმინალი

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი მაიმუნა დუმილს არღვევს

Nusagi

გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა, რომელიც 2011 წელს საქართველოდან გაიქცა, დუმილს არღვევს. აჭარის კუდის ოფიცერმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა, თუ ვინ შეუკვეთა ურეკში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე თავდასხმა და ბიზნესმენის ლიკვიდაცია.

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა პატარკაციშვილი ხელისუფლების მტრად გამოაცხადა და მუდმივი თვალთვალი დაუწესა. პატარკაციშვილის მისამართით ურეკში გასროლა ყოფილ სამართალდამცველს აჭარის კუდ-ის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ და მეორე სამმართველოს უფროსმა, გიორგი დგებუაძემ, იგივე მასტერამ დაავალეს. 

„ურეკში ჩამოვიდნენ გიორგი დგებუაძე და ლევან ქარდავა. იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა განმეხორციელებინა მაყუჩიანი იარაღით გასროლა პატარკაციშვილის მიმართულებით, ან უნდა მომეკლა მისი ძაღლი. ეს უნდა ყოფილიყო მესიჯი მის შესაშინებლად“,-განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, პატრკაციშვილს უთვალთვალებდნენ ხმელეთიდან, ზღვიდან, საჰერო სივრციდან, სწავლობდნენ მისი გადაადგილების მარშრუტს, დაცვის განლაგებასა და შეიარაღებას. ბიზნესმენის წინააღმდეგ დადგმულ ყველა ღონისძიებას კი, უშუალოდ მასტერა ხელმძღვანელობდა. 

ურეკში ოპერაცია ჩავარდა, რადგან ურეკის პოლიციის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, ჯემალ შამათავამ პატარკაციშვილთან დაახლოებულ პირს ყველაფერი შეატყობინა.

„იმედის კვირამ“ ჯემალ შამათავასთანაც ჩაწერა ინტერვიუ. როგორც ის ამბობს, მიხვდა, რომ ოპერაცია მხოლოდ შესაშინებლად არ იგეგმებოდა.

„ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ვიცოდი, ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, ამიტომ, იმ ღამეს, როდესაც რაღაც უნდა მომხდარიყო, გავუგზავნე ტექსტური შეტყობინება ურეკის კომენდატს, რომ ამაღამ სტუმრები გეყოლებათ და ფრთხილად იყავით მეთქი. 15 წუთში დამირეკა თემურ პატარიძემ და მითხრა, შენი ამბავი დამთავრებულიაო“.

ჯემალ შამათავა ამბობს, რომ მანამდე მას ბადრი პატარკაციშვილის დაცვის , მზარეულებისა და გარემოცვის წევრების გადაბირება ჰქონდა დაავალებული. მას ასევე ჰქონდა ბრძანება, რაღაც ნივთი, რომელსაც ოზურგეთის კუდ-ის უფროსი გადასცემდა, ბადრი პატარკაციშვილის სახლში შეეტანა და დაეტოვებინა, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მისი დასჯა გადაწყდა. შამათავას აგენტ-პროვოკატორის დახმარებით დაკავებულისადმი არაადამიანური მოპყრობა დააბრალეს და ციხეში 9-წლიანი სასჯელით გაუშვეს. 

დღეს გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, გენერალური პროკურატურა ცდილობს, დაადგინოს ვინ იყო ამ დავალების გამცემი მაღალჩინოსანი. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,209 ნახვა
%d bloggers like this: