პოლიტიკა

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, მოსკოვი შეშფოთებით აკვირდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გამჟღავნებისთვის გამოიყენეს. მათი აგრესიული ქმედებების გამო 25 ქვეყნის დეპუტატებს მუშაობის დროზე ადრე დასრულება მოუხდათ“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კრემლი აპირებს, გააგრძელოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კურსი, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან , დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

Facebook Comments