პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. პარტიის ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. თავად კობახიძეს განცხადება არ გაუკეთებია.
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.