საზოგადოება

მარგველაშვილი: საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს საქართველოს პარლამენტში

Nusagi

საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას და რუსეთის დადგმულ სცენარებს საქართველოს პარლამენტში. ამის სათქმელად მივიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მარგველაშვილმა თქვა, რომ სწორედ ეს არის მისთვის მთავარი და პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას არ აპირებს, რადგან ეს ოპოზიციის საქმეა. 

მარგველაშვილის თქმით, საქართველომ გასცა პასუხი იმას, რომ ცდილობდნენ, შემოეპარებინათ რუსული ნარატივი საქართველოს პარლამენტში. 

„დღეს, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი. გუშინ ღამე აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 

30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, რომლებიც იცავდნენ დემონსტრანტებს. დღეს როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა ვთხოვო პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, ღირსებას იცავენ. ასევე იცავენ იმას, რომ რუსეთს არასდროს გაუვათ, ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა –  არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე.

მე მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, გაემიჯნონ ძალადობას, ქართველი პატრიოტების, ახალგაზრდების ქუჩაში დევნას, მათ წინააღდეგ ისეთი იარაღის გამოყენებას, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალდა – დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

დაესწრება თუ არა დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას, მარგველაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა: 

„მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართული საზოგადოება იმ ღირებულებების დასაცავად, სადაც 30 წელია, ჩვენ ვიცავთ“. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,977 ნახვა
%d bloggers like this: