ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლონდონის ექსმერის, ბორის ჯონსონის მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და განაცხადეს, რომ სახლიდან ქალის კივილის ხმა ისმის. ამის შესახებ The Guardian წერს.
მეზობლები ყვებიან, რომ ესმოდათ ჭურჭლის მსხვრევის ხმა და ყვირილი „გაეთრიე ჩემი სახლიდან, არ მომეკარო“. მეზობლები შეშფოთდნენ ჯონსონის მეგობარი ქალის, პოლიტიკოსი კერი საიმონდსის გამო და დახმარება შესთავაზეს, მაგრამ წყვილმა კარი არ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს.
„შეშფოთებისა და სამართალდარღვევის აშკარა ნიშნები არ გამოვლენილა, ისევე, როგორც პოლიციის ჩარევის აუცილებლობა“,-განაცხადეს სამართალდამცველებმა. მათი თქმით, საიმონდსი იმან გააბრაზა, რომ ჯონსონმა ღვინო დივანზე გადაასხა.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობის ძირითადი კანდიდატია ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ.