პოლიტიკა

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ?

Nusagi

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება. ამის შესახებ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სწორედ ეს იყო ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რას ნიშნავს არჩევნების პროპორციული სისტემა? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას? რას გულისხმობს ნულოვანი საარჩევნო ბარიერი?

რა სახის საარჩევნო სისტემები არსებობს?

მსოფლიო პოლიტიკაში საარჩევნო სისტემის 3 სახეობა არსებობს: მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული. პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ თავად პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ იდეალური არცერთი მათგანია. სამივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. 

საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ბარიერი, პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ. საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია საარჩევნო ფორმულა, რომელიც მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს.

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა?

პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში, 1889 წელს გამოიყენეს. დღეისათვის არჩევნების სწორედ ეს ფორმა მოქმედებს 50‐ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის ისრაელი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სხვ.

პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან რამდენიმე კრიტერიუმით განსხვავდება. ესენია, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისა და პარტიებს შორის მანდატების განაწილების წესები. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად არის დაყოფილი და რა თქმა უნდა, არის თუ არა დადგენილი საარჩევნო ბარიერი.

როგორ ხდება ხმის მიცემა პროპორციული სისტემის დროს?

პროპორციული სისტემის შემთხვევაში პარტიები ან ბლოკები არა ერთეულ კანდიდატებს, არამედ სიებს წარადგენენ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს. არსებობს ხისტი სიები, „მოქნილი“ სიები, პრეფერენციები და „თავისუფალი“ სიები.  

ხისტი სიების გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიულ სიას მთლიანობაში. სწორედ ამ სახის პროპორციული სისტემა მოქმედებს ესპანეთში, პორტუგალიაში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.

პრეფერენციული სისტემის პირობებში ამომრჩეველი ხმას აძლევს სიასაც და კანდიდატებსაც, ანიჭებს მათ რიგით ნომრებს (1,2,3,…), რითიც მიუთითებს, კანდიდატების როგორი თანამიმდევრობაა მისთვის უფრო სასურველი. სწორედ ეს მოდელი მოქმედებს ფინეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში.

„მოქნილი“ სიების სისტემა სწორედ წინა ორი სისტემის ნაკლოვანებების გადასალახად შემოიღეს. მისი გამოყენებისას ამომრჩეველს საშუალება აქვს აირჩიოს როგორც პარტიული სია, ასევე განსაზღვროს პრეფერენციები – ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მითითებით. ეს სისტემა მოქმედებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში.

კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ამომრჩეველს ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიები, რომელიც ფინეთის პარლამენტის არჩევისას გამოიყენება. ამ შემთხვევაში ბიულეტენებში კანდიდატთა სია მოცემულია ანბანური თანამიმდევრობით, მაგრამ მითითებულია პარტიულობაც. პარტიებზე მანდატები ნაწილდება მისი წევრი კანდიდატების მიერ მიღებული ჯამური ხმების რაოდენობის მიხედვით, პროპორციული განაწილების წესით.

როგორ ნაწილდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში?

ეს პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ ჰოლანდიის მაგალითზე, რომლის პარლამენტიც 150 დეპუტატისგან შედგება. მანდატები ითვლება შემდეგნაირად – ხმების საერთო რაოდენობა იყოფა 150-ზე. ჰოლანდიის ბოლო არჩევნებში ეს შედეგი იყო 62,828. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი ხმა იყო საჭირო თითო მანდატისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიის ბოლო არჩევნებში 13 მილიონი ამომრჩევლიდან 9 მილიონ 500 ათასი მონაწილეობდა. 

თუ ამ ფორმულას ქართულ რეალობას მოვარგებთ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას გავითვალისწინებთ და გავყოფთ მას პარლამენტის წევრების ოდენობაზე (1 814 276 : 150) მივიღებთ 12, 095-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც ამ რაოდენობის ხმას მიიღებს, ერთი მანდატი ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ მანდატების გადანაწილება თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დივერსიფიცირებულია, დ’ონდტის მეთოდი არის მანდატების გადანაწილების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და აღიარებული ფორმა. ეს არის ფორმულა, რომელიც სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მოქმედებს და რომლის პრაქტიკაც არსებობს ევროკავშირის 15 წევრ-ქვეყანაში მაინც (ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა). ამ მეთოდს იყენებენ შოტლანდიასა და უელსშიც. 

დ’ონდტის ფორმულა უკავშირდება ბელგიელ იურისტსა და მათემატიკოსს, ვიქტორ დ’ონდტს, რომელმაც ეს მეთოდი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში განავითარა. ინიციატივა მიზნად ისახავდა ბელგიის პარლამენტში სხვადასხვა ლინგვისტური ჯგუფებისა და პოლიტიკური ტრადიციების წარმოდგენას.

რა უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას?

არჩევნების პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. უფრო კონკრეტულად, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულია. რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს მიიღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს.

გარდა ამისა, ძალიან მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა; პარტიას შეუძლია პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა; საბოლოო ჯამში კი არჩევნების ეს ფორმა აყალიბებს უფრო მეტად მრავალპარტიულ სისტემას, რადგან პარლამენტში მეტი პარტიაა წარმოდგენილი.

რა უარყოფითი მხარე აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემას?

არჩევნების პროპორციული სისტემის შემთხვევაში ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა. ამიტომაც მოქალაქე თავის გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პარტიის ლიდერთა მიმართ თავისი პირადი დამოკიდებულების შესაბამისად იღებს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ არცთუ იშვიათად, არჩეულ პირებს შორის ხვდებიან ისეთებიც, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა (ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის). 

არჩევნების პროპორციული სისტემის შემთხვევაში პარტიულ სიებს, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელობა (და არა პარტიის წევრები) ადგენს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ სიები პირადი ერთგულების პრინციპით შედგეს. მართალია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც ძალიან „ჭრელი“ გამოვა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად იქმნება საარჩევნო ბარიერი.

რომელი საარჩევნო სისტემა მოქმედებს დღეისათვის საქართველოში?

დღეისათვის საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად შერეული – პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. ეს მოდელი თავის დროზე გერმანიის გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან, 77 პარტიული სიით არის არჩეული, 73 კი მაჟორიტარია. პარტიები წარადგენენ, ერთი მხრივ, 150-კაციან პარტიულ სიას და მეორე მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თითოეულ ოლქში.

აქვს თუ არა საქართველოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გამოცდილება?

დიახ. 1919 წლის 14-16 თებერვალს დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ამავდროულად პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო საქართველოში, სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა, 6 მათგანი კი პირველ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

საარჩევნო სისტემების რომელი მოდელია ყველაზე პოპულარული?

2005 წლისათვის მსოფლიოს 199 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან, სადაც არჩევნები ტარდება, 91–ში საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად მაჟორიტარული ტიპის სისტემა გამოიყენებოდა, 72 ქვეყანაში – პრორპორციული წარმომადგენლობის სისტემა, 30–ში კი- შერეული სისტემა (დარჩენილი 6 ქვეყნის სააარჩევნო პროცედურა არცერთ ამ სისტემაში არ ჯდება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში მეტწილად არჩევნების პროპორციული სისტემა გამოიყენება.

რა არის საარჩევნო ბარიერი?

საარჩევნო ზღურბლი იგივე ბარიერი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული რაოდენობა, რომელიც პარტიას უფლებას აძლევს, მანდატების განაწილებაში მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო ბარიერის დაწესება ხელს უშლის წარმომადგენლობით ორგანოში იმ პარტიების წევრთა მოხვედრას, რომლებიც ამ ორგანოში „ამინდს“ ვერ შექმნიან.

საარჩევნო ბარიერის დაწესებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მაღალი პროცენტული მაჩვენებლის შემთხვევაში შეიძლება ზღურბლგადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა მათ მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდეს. ამის შედეგად კი ისინი მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლებად დარჩებიან. აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზღურბლს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმები გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება. 

ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური (პარტიული) სისტემა ჩამოყალიბებულია და არჩევნებში ძირითადად ორი-სამი ძლიერი პარტია მონაწილეობს, ბარიერი ამომრჩეველთა წარმომადგენლობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. გარდამავალი ქვეყნებისათვის კი სასურველია, რომ საარჩევნო ზღურბლის სიდიდე 3-5%-ს არ აღემატებოდეს.

საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედებდა 4%-იანი ბარიერი, რომელიც მხოლოდ ორმა პარტიამ („მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ და კომუნისტური პარტია) გადალახა.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერმა 2%-მდე დაიწია და ეს ნიშნული 24-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, რომლის არჩევაშიც 2 575 197 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი იყო 5%, რომლის გადალახვა მოახერხეს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“, „ეროვნულ-დემოკრატულმა პარტიამ“ და „აღორძინებამ“.

ყველაზე მაღალი ბარიერი – 7% მოქმედებდა 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელშიც 45 პარტია მონაწილეობდა. საკანონმდებლო ორგანოში „მოქალაქეთა კავშირი”, „აღორძინება” და ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იყო წარმოდგენილი.

2004 წლის 28 მარტის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში ასევე 7%-იანი ბარიერი გადალახეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“. 

2008 წლის 21 მაისის არჩევნებში საარჩევნო ბარიერმა ისევ 5%-მდე დაიწია. 2012 წლის არჩევნები კი იყო პირველი არჩევნები, როდესაც გუნდი დამარცხდა. ხელისუფლებაში მოვიდა „კოალიცია ქართული ოცნება“. საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა ძალამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა.

2016 წლის არჩევნებზეც 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებდა.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი?

ნულოვანი ანუ ბუნებრივი ბარიერის პირობებში, საქართველოს პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ბევრი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. სინამდვილეში ეს იმას არ ნიშნავს, რომ არანაირი ბარიერი არ იარსებებს. ამ ფორმულით ფორმულით, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის რაოდენობა (1 814 276) საპარლამენტო მანდატების ოდენობაზე (150) იყოფა, მიიღება 0,67% (12, 095). ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც საერთო ხმების 0,67%-ზე მეტს მოაგროვებს, ყოველ ამ მაჩვენებელზე პარლამენტში 1 დეპუტატი ეყოლება.

პოლიტოლოგების განმარტებით, ნულოვანი ბარიერი ყველა ჯგუფს, მათ შორის ჰომოფობიურს, მარგინალურს და ა.შ აძლევს შესაძლებლობას, პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. კონსტიტუციონალისტები და პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ აქ გარკვეული რისკები არსებობს. კერძოდ, პარლამენტში შეიძლება იყოს მცირე მხარდაჭერის მქონე პარტია, რომელიც 1 ან 2 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც პოლიტიკური გარემოს ფრაგმენტაციას გამოიწვევს. სპეციალისტების აზრით, აქვე მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბლოკები წარმოდგენილი და თუ არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიები მონაწილეობას მხოლოდ ინდივიდუალურად შეძლებენ. პოლიტოლოგები გაუნაწილებელი მანდატების პრინციპზეც საუბრობენ. მათი აზრით, გაუნაწილებელი მანდატები მაინც დარჩება და მნიშვნელოვანია, ვინ მიიღებს მათ.

მმართველი გუნდის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობს. ამისათვის საჭიროა ჯერ ინიცირება, შემდეგ საყოველთაო განხილვები და სამი კენჭისყრა. სავარაუდოდ ეს სიახლე საშემოდგომო სესიების დასრულებისას დამტკიცდება. ამისათვის კი 113 ხმა არის საჭირო. არასამთავრობო სექტორის აზრით, თუ ამ ცვლილების მისაღებად უმრავლესობას ოპოზიციის ხმები დასჭირდება, მათ ეს უნდა მიიღონ, რადგან აქ მნიშვნელოვანია არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, არამედ ამომრჩევლის ნების გამოხატვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ პოლიტიკაში ადამიანები ვერ მიდიოდნენ, რადგან 5%-ის დაგროვება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. ეს მოითხოვდა საარჩევნო კამპანიის წარმოებას, ფინანსური რესურსის მოზიდვას. ნულოვანი ბარიერით კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება. პოლიტოლოგები ბუნებრივ ბარიერს დემოკრატიის განვითარების ახალ საფეხურად მიიჩნევენ.

საარჩევნი სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პოლიტიკური სუბიექტები მომავალი კვირიდან დაიწყებენ და განხილვები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო:imedinews

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,107 ნახვა
%d bloggers like this: