საზოგადოება ხელოვნება და კულტურა

ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ორგანიზატორები ადგილობრივების მიერ ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დარბევაზე განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ახალი ადგილი დღეს გახდება ცნობილი.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოვჩნდით…

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია გუნდის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული, არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. მიგვაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ადგილს და სრულ ინფორმაციას. ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ”, – წერენ ორგანიზატორები.

Facebook Comments