ხელოვნება და კულტურა

სამინისტროში გიორგაძისა და მისი მეგობრების ყოფნის წლები ქართული კულტურისთვის ყველაზე ნეგატიური და მძიმე იყო

საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მიხეილ გიორგაძისა და მისი მეგობრების ყოფნის წლები ქართული კულტურისთვის ყველაზე ნეგატიური და მძიმე  წლები იყო,-ამის შესახებ მუსიკალური კომპანია „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია აცხადებს. 

ზაზა შენგელია კულტურის სამინისტროდან მიხეილ გიორგაძის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: 

„გიორგაძეს და მის გუნდს დაატოვებინეს კულტურის სამინისტრო… მეც და ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ შეჭირვებულ დროში რეალურად რაღაცას ქმნიან და ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეობენ, მიგვაჩნია, რომ მიხეილ გიორგაძის და მისი მეგობრების ყოფნის წლები საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობაში იყო ყველაზე ნეგატიური და მძიმე კულტურისათვის. ამ ადამიანებს რეალურად არ ესმოდათ ქართული კულტურის მნიშვნელობა მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, როცა კულტურა პრაქტიკულად ქვეყნისა და მისი მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადობის და იდენტიფიკაციის ერთ-ერთ უძლიერეს ინსტრუმენტს წარმოადგენს…რა თქმა უნდა, “,-აცხადებს ზაზა შენგელია.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ საქართველოს კულტურის სამინისტროს გაუქმება იყო უდიდესი შეცდომა, თუმცა მიხეილ გიორგაძემ და მისმა გუნდმა ისე დააკნინეს თავად სამინისტროს როლი და დაბლა დასწიეს სამინისტროს თამასა, რომ მაშინ სამინისტროს გაუქმებას თითქმის არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან.

„კიდევ რა შემიძლია ვთქვა ? რომ ამ ადამიანების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ”ბრავო რექორდსისთვის” და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ბევრი კომპანიისთვის სამინისტრო არ არსებობდა არც ერთ განზომილებაში, გარდა ხელის შეშლისა…პირიქით, მოგეხსენებათ, შარშან GRAMMY-ის საიუბილეო, მესამოცე დაჯილდოების ცერემონიალზე პუერტო-რიკოელი რეპერის, რეზიდენტეს ალბომმა, სადაც ”ბრავო რექორდსში” რეზიდენტეს მიერ ქართველ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი სინგლიც შევიდა GRAMMY დაიმსახურა ”საუკეთესო ლათინური როკ და ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში”. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში…ამ უდიდესი გამარჯვების გამო, თუნდაც ფარატინა ქაღალდზე მოლოცვაც კი არ მიგვიღია….მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ კარგია, რომ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა და იმედი მაქვს არც არასოდეს განმეორდება“,-წერს ზაზა შენგელია. 

Facebook Comments