მოგზაურობა

ქართული ავიაკომპანიები რუსული ავიასანქციებით დაზარალებულებს ბილეთის ღირებულებას დაუბრუნებენ

სამოაქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი რუსული ავია-სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის ღირებულებას დაუბრუნებენ ან ალტენატიულ მარშრუტს შესთავაზებენ. 

სააგენტოს მხრიდან, ამ მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს. ავიაკომპანიების წამომადგენლებთან დღეს შეხვედრაც გაიმართა, სადაც 8 ივლისიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ვითარებას და ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაკომპანიების სამომავლო გეგმები როგორც ალტერნატიული მიმართულებების მოძიების, ისე კომერციულად მიმზიდველ ახალ მარშრუტებზე ოპერირების დაწყების კუთხით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ქართულ ავიაგადამზიდველებს შესაბამისი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან შუამდგომლობის გაწევის და უფლებამოსილების ფარგლებში, პროცედურული საკითხებში დახმარების აღმოჩენის კუთხით.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 22 ივნისს გაავრცელა განცხადება  იმის შესახებ, რომ 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ვერ განახორციელებენ. მათივე განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი საავიაციო უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და აერონავიგაციური საქმიანობის შესრულებაზე ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობა გახდა.

21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას , რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

Facebook Comments