Uncategorized ხელოვნება და კულტურა

ბოტანიკურ ბაღში თბილისის სინათლის ფესტივალი აღარ ჩატარდება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მომხმარებლების  მოსაზრებებს გაეცნო და იზიარებს მათ.

“ბოტანიკური ბაღისათვის უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის გამოხმაურება, რადგან ასეთი საზოგადოებრივი ჩართულობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავხადოთ ბოტანიკური ბაღი უფრო მიმზიდველი და საინტერესო.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სინათლის ფესტივალის ჩატარების შესახებ შპს „ბოქს მედია ჯგუფის“ წინადადებაზე ჩვენი თანხმობის მოტივიც ის იყო, რომ ბოტანიკური ბაღის ეს საოცარი ლანდშაფტი საინტერესო გაგვეხადა ღამის საათებშიც და ჩვენც დაგვემკვიდრებინა სხვადასხვა ბოტანიკურ ბაღში უკვე კარგად აპრობირებული ღამის ბაღის კონცეფცია.

სამწუხაროდ, ჩვენი ეს სურვილი და თქვენი მოლოდინი ვერ შესრულდა.

რა თქმა უნდა, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რის გამოც მივმართეთ ორგანიზატორებს და გაუქმდა ფესტივალის დარჩენილი ნაწილი.

ასევე გვსურს, მოვუწოდოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, რომლებსაც საავტორო უფლებები აქვთ აღნიშნული ფესტივალის ჩატარებაზე და ჰქონდათ პასუხისმგებლობა ფესტივალის ვიზუალური ნაწილის უზრუნველყოფაზე, გაითვალისწინონ მოქალაქეების კრიტიკული მოსაზრებები და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები.

უკანასკნელ წლებში, თქვენთან ერთად, ჩვენ შევძელით ბევრი საინტერესო საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარება ბოტანიკურ ბაღში. გპირდებით, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და წინ საინტერესო სიახლეები გელოდებათ”,- წერია განცხადებაში.

5 ივლისს ბოტანიკურ ბაღში თბილისის სინათლის ფესტივალი გაიხსნა.

Facebook Comments