პოლიტიკა სოციალური ქსელები და მედია

თამარ ცაგარეიშვილი- ვის გაეკეკლუცა გაბუნია თავისი ქვეყნისთვის ასე სახიფათოდ?

ჩემთვის ყველაზე მიუღებელი საქციელი არის მუნდირის ღირსების შეურაცხყოფა და არ ვცემ პატივს იმ ხალხს, ვისთვისაც ძვირფასი არ არის მუნდირი,-ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ საუბრისას განაცხადა. 

ჟურნალისტმა რუსთავი2-ის ეთერში გიორგი გაბუნია არაეთიკური გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ სრულიად გაუმართლებელია ტერმინი „ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი“.

„მე დღეს მიწევს ჩემს კოლეგებზე და იმ აღმაშფოთებელ ფაქტზე საუბარი, რაც ყველამ მოვისმინეთ. საერთოდ, საიდან დაინერგა უცებ, ამ დილით ტერმინი „ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი“? ამ ჟურნალისტს საკუთარი ტელევიზია აქვს, საკუთარი სამშობლო, თუ ორღობეში გამოდის? დიდი ბოდიში, საჯარო სივრცეა და ამ სივრცეში არც ერთი ჩვენთაგანი არ არის დამოუკიდებელი, რაც არ უნდა დამოუკიდებელ ტელევიზიაში ვმუშაობდეთ. ეს სივრცე არის საერთო და მას ჰქვია საქართველოს სივრცე და ქართული მაყურებელი. უნდა ავწონოთ ჩვენი თითოეული სიტყვა, იმიტომ, რომ ჩვენ გვისმენს საზოგადოება და არა მხოლოდ ჩვენი ბაბუა ან ბებია. მე მაინტერესებს მოვისმინო პასუხი, რა უნდოდა გაბუნიას, ვის ესაუბრებოდა? პუტინი რომ მაგას არ უსმენს, ამაზე ხომ საუბარიც არ არის, მაშინ რა იყო ეს? სამკაული გადაცემის? გაიკეკლუცა? ვის გაეკეკლუცა ასე ბოროტად და ასე სახიფათოდ მისი სამშობლოსთვის. თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ მათ აქვთ სამშობლო. იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სამშობლო დიდი ხანია აბუჩად აგდებულია, რადგან ეთერში დედის გინება იწყება და  არ არსებობს კითხვა, რამე უხერხული ხომ არ არის. საფლავის ამოტრიალება, ვისი დედაც არ უნდა იყოს, თუნდაც ყველაზე საძულველი პუტინის, მხოლოდ უსამშობლო ადამიანს შეუძლია“,-აცხადებს თამარ ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, გინება აღნიშნული ეთერიდან პირველი შემთხვევა არ არის, და ყველაფერი იმის ბრალია, რომ მანამდე საზოგადოების მხრიდან ამ გინებების წაყრუება ხდებოდა. 

„თუნდაც, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის შემკობა სიტყვებით „ეს ჩურჩუტი ქალი“. მათი საკუთარი დუქანია? მე საერთოდ არ ვყოფ გაბუნიას და გვარამიას ერთმანეთისაგან, მე ზოგადად ადამიანზე ვსაუბრობ, რომლებიც ეთერიდან იგინებიან და არაფერი აქვთ წმინდა ამ ქვეყანაზე. პუტინი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ მათ არ აქვთ ჩვენი და ჩვენი შვილების შეგინების უფლება“,-აცხადებს თამარ ცაგარეიშვილი.  

Facebook Comments