ეკონომიკა

ნიკოლეიშვილი: მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკას აზარალებს

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზარალებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს. 

„ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა. შემცირდა ლარის ღირებულება და ქვეყნის შიდა პროდუქტი (2 %), საკურორტო სეზონი ჩავარდნის პირასაა, შემცირდა ტურისტების და ინვესტიციების რაოდენობა. 

აქციები, რომელიც ანტისაოკუპაციო და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებითაა შეფუთული, რეალურად „ნაციონალებისა“ და „ევრონაცების“ ლიდერების (ბოკერია, სააკაშვილი, გვარამიას, გაბუნია) ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით იმართება.

ვითომ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით ცდილობენ დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას, ბაქიბუქობენ ტელეკრანიდან, ფრონტის ხაზიდან გაქცევა კარგად ეხერეხებათ (გავიხსენოთ 2008 წელს, როგორ შეატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ჯარს, როგორ მიატოვეს ჯარისკაცების ცხედრები …), მიტინგებიდანც მშვენივრად იპარებიან როგორც კი საფრთხეს ხედავენ (იქნებ ვინმემ ნახა ერთი ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც მიტინგის ღამეს თუნდაც თეთრი პერანგი ჰქონოდა დასვრილი?).

იმ დროს, როცა ხელისუფლება რუსეთთან მიმართით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, „ნაცები“ და მათი დამქაშები ცდილობენ რუსი ტურისტების ნაცვალად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში.

„ნაცებმა“ და მათთან ასოცირებულებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.

საჭიროა ყველამ გონებას მოვუხმოთ, ემოციები დავიოკოთ და გავიაზროთ რა პროცესების პროვოცირებას ცდილობენ რადიკალური ძალები და დასკვნები გამოვიტანოთ“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი. 

რუსთაველის გამზირზე გუშინ 2 აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული მარში თუ მანიფესტაცია. 

რაც შეეხება მეორე აქციას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მეცხრამეტე დღეს აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მიმდინარეობდა. აქციაში, სახელწოდებით „სირცხვილია“ ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მოშიმშილეები პარლამენტის შენობის წინ რჩებიან და შიმშილობას აგრძელებენ.

პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შესასვლელთან გადასვლა სცადეს, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფებოდა.

კონტრაქციის წარმომადგენლები „სამართალდამცველებისგან რამდენიმე მონაწილის ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ეს გახდა მათი გაღიზიანების მიზეზი. ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.

Facebook Comments