პოსტები სოციალური ქსელიდან

პასუხი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს!-ზვიად ტომარაძე

,,პასუხი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს!

ბ–ნო პრეზიდენტო! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული მდგომარეობისა, ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ მიერ გაკეთებული განცხადება არის უღირსი საქციელი, რომელიც არ შეეფერება არც ქართველი კაცის და არც კავკასიელის ქცევას. 
გავეცანი თქვენს განცხადებას, სადაც თქვენ აგრესორად და გენოციდის მომწყობად გამოგყავთ ქართველები აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში.
თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ქართველი კაცი ყოველთვის გამორჩეოდა ტოლერანტობით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სადაც 26 საუკუნის მანძილზე არ მომხდარა ებრაელების დევნა. ჩემი სიტყვების დასტურად, ასევე მოგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები ყოველთვის გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ და სარგებლობდნენ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმარ–მასპინძლობით. 
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის იმპერიაში სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა 1774 წელს ხოლო აფხაზეთი 1810 წელს და ქართველები გენოციდს უწყობდნენ აფხაზეთსა და ოსებს. რაც მტკნარი სიცრუეა.

თუ ვინმე ჩაგრავდა და გენოციდს უწყობდა კავკასიელ ხალხს ეს რუსეთის იმპერია იყო. ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისში რუსი დეკაბრისტი პ. პესტელი „რუსსკაია პრავდაში“, იმ ღონისძიებების შესახებ წერდა, რაც რუსეთის ხელისუფლებას კავკასიაში უნდა გაეტარებინა, კავკასიელ ხალხებს ყოფდა დაუმორჩილებელ და დამყოლ ტომებად. მისი აზრით, აუცილებელი იყო პირველის გადასახლება იმპერიის შიდა გუბერნიებში, ხოლო მეორის თანდათანობითი ასიმილაცია და სრული გათქვეფა კავკასიაში ჩასახლებულ რუსულ მოსახლეობაში. 1859-1864 წლებში, ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გასახლებას შეუდგა. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით. 1859 წელს, რუსების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ჩეჩნები, დაღესტნელები და ოსები თურქეთისაკენ დაიძრნენ. შემდეგი გადასახლების პროცესმა მოიცვა დასავლეთ კავკასია, სადაც კულმინაციას 1863-1864 წწ. მიაღწია. დას. კავკასიის ტომები: ჩერქეზები, უბიხები, აბაზები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ყარაჩაელები თურქეთში გადასახლდნენ. მუჰაჯირობის პროცესმა აფხაზეთიც მოიცვა. 1867 წელს განხორციელდა აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში, მუჰაჯირობა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხების ისტორიაში. აფხაზი ისტორიკოსი შ. ინალ-იფა წერდა: „ეს არის არა უბრალო ეპიზოდი, არამედ უმძიმესი ეროვნული ტრაგედია, რამაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა“. დიახ აფხაზეთი (1810წ), ისევე როგორც სხვა ქართული სამეფო–სამთავრობოები დამოუკიდებლად „შევიდნენ“ რუსეთის იმპერიაში, თუმცა „შევიდა“ როგორც ქართული სამთავრო! ხოლო რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობდა და ეგ ტერიტორია, რომელსაც სამხრეთ ოსეთს უწოდებთ 1810 წელს ქართლ–კახეთის სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. 
რაც შეეხება საბჭოთა წყობის პირობებში საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკას აფხაზეთს, ფაქტობრივად, ჰქონდა ყველაზე ფართო ავტონომია რუსეთის ფედერაციის და საბჭოთა კავშირის სხვა სუბიექტების შემადგენლობაში არსებულ ავტონომიებთან შედარებით და განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მკვეთრად უკეთესი პირობები, ხოლო აფხაზებს – მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ადამიანის უფლებების დარღვევამდე მისული პრივილეგიები. სწორედ ასეთი უფლების შედეგად საქმე იქამდე მივიდა, რომ ეთნიკური ქართველები, პრივილეგიების მიღების მიზნით ეწერებოდნენ აფხაზებად.

“70–80-იან წლებში საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკებში, მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები მოკლებულნი იყვნენ უფლებას, მიეღოთ სწავლა–განათლება საკუთარ ენაზე, ჩვენთან კი 73 აფხაზური სკოლა ფუნქციონირებდა.
სოხუმში ფუნქციონირებდა აფხაზური უნივერსიტეტი, ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურად გადმოსცემდა, აფხაზური დრამატული თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ლიტერატურულ–მემორიალური მუზეუმი, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, საცეკვაო ანსამბლები “შარატინი”, “ერცახუ”, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზური სახელმწიფო კაპელა, ვოკალურ–ინსტრუმენტული ქალთა კვარტეტი “გუნდა”, უხუცესთა ცეკვისა და სიმღერის ეთნოგრაფიული ანსამბლი “ნართაა”. ზემოთჩამოთვლილი კოლექტივების დიდი ნაწილი არაერთხელ არის ნამყოფი გასტროლებზე უცხოეთში, სადაც მაყურებელს აფხაზურ ეროვნულ კულტურას აცნობდა.

ნაყოფიერად მუშაობდნენ სხვადასხვა კავშირები – მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა, საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრალური საზოგადოება. აფხაზურ ენაზე გამოიცემოდა მხატვრული, ისტორიულ–ეთნოგრაფიული ლიტერატურა, გამოდიოდა ჟურნალები და გაზეთები.
ბოლო მოწვევის სსრკ უმაღლეს საბჭოში საქართველოდან რვა იყო აფხაზი, საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან ყოველთვის აირჩეოდა 40 ადამიანი, მათ შორის 15 აფხაზი. ავტონომიური რესპუბლიკის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში 140 დეპუტატი იყო. მათ შორის აფხაზი – 57 (40,7%), ქართველი – 53 (37,9%), რუსები, სომხები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები – 30 (21,4%). საქალაქო და რაიონულ საბჭოებში აფხაზები თითქმის მესამედს შეადგენდნენ, ხოლო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აპარატში და კომპარტიის საოლქო კომიტეტში – ნახევარზე მეტს. 13–დან 8 მინისტრი და 8–დან 5 სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ აგრეთვე აფხაზი იყო, ხუთ საქალაქო პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ მკვიდრი ეროვნებების წარმომადგენლები. და თუ იმ აფხაზთა ხვედრითი წონა, რომელიც დაკავებული იყო საზოგადოებრივ წარმოებაში, შეადგენდა 17,8%, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო”. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც 1989 წლის უკანასკნელი საბჭოური აღწერით აფხაზეთში ცხოვრობდა 239,900 ქართველი, 93,300 აფხაზი, 74,900 რუსი და 76,500 სომეხი. 

რაც შეეხება ოსებს. სამაჩაბლოში, ამ ძირძველ ქართულ მიწაზე მუდამ მეგობრულად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები. 
ქართველები ასევე პატივს სცემდნენ ოსებს, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მათი კულტურის და ხელოვნების შენარჩუნებისა და წარმოჩენის საქმეში, ისევე როგორც აფხაზების შემთხვევაში. ოსურ ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში. კერძოდ, 1988 წლის მონაცემების მიხედვით „სამხრეთ ოსეთში“ საშუალოდ 134,3 საავადმყოფო საწოლები მოდიოდა ყოველ 10 000 კაცზე, მთლიანად საქართველოში – 110,6. საშუალო სამედიცინო პერსონალი ოლქში- 143,4, საქართველოში -124,9. ექიმები ოლქში- 67,4, საქართველოში -58. მუდმივი სკოლამდელი დაწესებულებებით ბავშვთა უზრუნველყოფის დონეც უკეთესი იყო ოლქში (53%) ვიდრე საშუალოდ საქართველოში (46%).
მოსახლეობის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ერთ მცხოვრებზე (საერთო ფართობი, კვ.მ) სამრეთ ოსეთის ოლქი – 21.3, საქართველო -18.8.
ბიბლიოთეკების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე, ოლქი-16, საქართველო-8.
საკლუბო დაწესებულებების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე, ოლქი-11, საქართველო-5. რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰყავდა პირად საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილებიც. მაგალითად, ოლქის მოსახლეობის ყოველი ათასი კაციდან 59 კაცს ჰყავდა მსუბუქი ავტომობილი, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში – 53 კაცს.
მოტანილი ოფიციალური მონაცემები სრულ უფლებას გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და საერთოდ საქართველოში მცხოვრებ ოსებს ათეული წლების განმავლობაში ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი თავიანთი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისა თუ რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნის მოსახლეობას.

მოწინავე ქართველი საზოგადოება ყოველთვის ზრუნავდა ოსური კულტურის განვითარებისათვის; ისტორიული ფაქტია, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ერეკლე მეფის დროს საგანგებო კომისიამ ოსებს შეუქმნა პირველად დამწერლობა, მოგვიანებით კი ქართული დამწერლობის გრაფიკა დაედო საფუძვლად ოსურ დამწერლობას.
ქართველი ხალხი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ასევე ყოველთვის ზრუნავდა ოსური ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლა განათლების მიღებისათვის. ისტორიული სიმართლე მეტ პატივისცემას იმსახურებს. სიმართლე კი ის არის, რომ როგორც ჩვენი დიდი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, ოსებმა ისარგებლეს ქართული “დედაენით” და მოკლე ხანში შექმნეს ოსური “დედაენა”. ამასთან, რადგან ფოტოსურათების დამზადება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მათ ითხოვეს ქართველებისაგან კლიშეები, რომლებიც უფასოდ დაეთმოთ.
ისმის კითხვა თუ ასეთი პირობები ჰქონდათ ოსებსა და აფხაზებს, მაშ რამ განაპირობა კონფლიქტი ამ რეგიონებში? ორივე რეგიონში სეპარატიზმი წახალისებული იყო რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებით. რაც საბოლოო ჯამში 2008 წელს დაგვირგვინდა ამ ტერიტორიების ოკუპაციითა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებით.

დღესაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს თავისი წვლილი შეაქვთ აფხაზური და ოსური კულტურის წარმოჩენაში, რაც გამოიხატება მათი სიმღერების და ცეკვების დადგმა-შესრულებაში. 
ხშირად გვსმენია რუსი პოლიტიკოსებისგან, რომ მე-18 საკუნის ბოლოს რუსეთი საქართველოს მხსენელად მოევლინა და ცალკეულ სამეფოებად დაშლილი საქართველო გააერთიანა. ეს ყოველივე სრული სიმართლეა, თუმცა ასევე სიმართლეა ისიც, რომ რუსეთმა ეს არა საქართველოს კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი იმპერიის გასაფართოვებლად განახორციელა. რუსეთი საქართველოს არასდროს განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ, თანსწორ სუბიექტს. რუსული იმპერიალიზმის ასეთი მიდგომა, ერთმორწმუნე მცირე ერისადმი მრავალი უბედურების მომტანი აღმოჩნდა. გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული მრავალი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება: 1801 წლის 12 სექტემბრიდან მოყოლებული ქართული სამეფოების უკანონოდ გაუქმება; 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმება; 1921 წლის 25 თებერვალს ხელახალი ანექსია, რის შემდეგაც ამავე წელს საქართველოს ტერიტორიების 1/3 გადაეცა მეზობელ სახელმწიფოებს; 1804 წლიდან – 1924 წლამდე თავისუფლების მოთხოვნით 30-მდე აჯანყების სისხლში ჩახშობა. 1978 წელს სახელმწიფო ენის, ქართული ენის გაუქმების მცდელობა და სხვა მრავალი… ფაქტია საქართველო რუსეთს ვალში არასდროს დარჩენია და „მფარველობის“ სანაცვლოდ საქართველომ ძალიან ძვირი საზღაური გადაიხადა. მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში პროცენტულად საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი გაიღო. ომში წასული 700 000 მებრძოლიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. 

რუსეთის სახელმწიფო ვერ აცნობიერებს, რომ მილიტარისტული პოლიტიკა დამღუპველია მისთვის. მრავალეთნიკური და ავტონომიებისგან შემდგარი სახელმწიფოსთვის. თუ დამოუკიდებლობა აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, რატომ არ შეიძლება იგივე ინგუშეთისთვის, ჩეჩნეთისთვის, დაღესტნისთვის, ჩერქეზეთისთვის…?
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომელიც მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის დასამკვიდრებლად ძლიერდება. რუსეთი თქვენი მეთაურობით ცდილობს მართლმადიდებლობის, ზნეობის და ჭეშმარიტი ღირებულებების დამცველად მოგვევლინოს. მაგრამ ეს ყოველივე ყალბია, რადგან ასევე მართლმადიდებელ სახელმწიფოებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას იმის ნაცვლად, რომ მეგობრად და მოკავშირედ ჰყოლოდა, რუსეთმა სახელმწიფომ ტერიტორიული პრობლემები შეუქმნა.
არსებული მდგომარეობა საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისათვის და ჯერ კიდევ არ არის გვიან, რადგან პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. საუბარია ინტერესთა თანხვედრაზე, თორემ იმის ილუზია ალბათ არავის აქვს, ჩვენი ბედი რუსეთს (და არც არავის) რომ არ აღელვებს. ქართველი პოეტის ვაჟა ფშაველას სიტყვებით რომ ვთვათ „ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა რამდენადაც თავად გამოადგება იგი“.
რუსეთის ფედერაციას, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს თავისი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. სამწუხაროდ სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად ძირითადად მილიტარიზმზეა ორიენტირებული. ოფიციალური კრემლი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ნაცვლად იმისა, რომ დაყვავების პოლიტიკით მისი მოკავშირე სრულიად საქართველო ყოფილიყო. 
ისევ შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება, საქართველო ანგარიშს გაუწევს რუსეთის ინტერესებს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს არ მოხდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.

ზვიად ტომარაძე ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“

შენიშვნა: წერილი ითარგმნება რუსულ ენაზეც და მალე დაიდება.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზვიად ტომარაძე

Facebook Comments