ეკონომიკა პოლიტიკა

რუსული პრესა: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა, აღდგეს

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა, აღდგეს, ამის შესახებ „კომერსანტი“ რუსეთის საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მოსკოვი დააკმაყოფილა ოფიციალური თბილისის რეაქციამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართლით გაკეთებულ უცენზურო გამონათქვამებზე. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „თუ საქართველოში რუსოფობია შეწყდება, ქვეყნის ხელმძღვანელობა კი თანმიმდევრული იქნება, ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია“.

გარდა ამისა, რუსული მხარე პერსპექტივაში მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მუშაობა განაახლოს. უწყებაში ამბობენ, რომ თბილისში ანტირუსულ გამოსვლებამდე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ბრძანება უკვე შემუშავებული და ხელმოწერისთვის მზად იყო. გამოცემის წყარო ამბობს, რომ თუ სამომავლოდ სიტუაცია დარეგულირდება, „ყველაფერი შესაძლოა განახლდეს“.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე და განაცხადა, რომ არ გააკეთებდა ამას ქართველი ხალხის პატივისცემის გამო. ასევე, რუსეთის ლიდერმა საჭიროდ არ მიიჩნია მისი შეურაცხმყოფელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წინადადებას სანქციების შესახებ არ დაეთანხმა და ინტერვიუში საქართველოს ისტორიაზეც ისაუბრა. მისი ვერსიით, ადრე აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო და არა პირიქით.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 8 ივლისს შევიდა ძალაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni