პოლიტიკა

თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს, თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო

არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, – ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეუძლებელი შეძლო და ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა.

„გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, მე, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა, ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, არამედ როცა მე ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „თავისუფლებას“, როცა ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „სიამაყეს“, როცა ვამბობ „საქართველოს“, ვგულისხმობ „მამაცობას“. თქვენ პატარა ქვეყნა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანირი განსხვავების მიუხედავად, ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით, თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა და სიტყვით გამოსვლა ქართულად დაასრულა: „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.

Facebook Comments