პოლიტიკა

რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საქართველოს ისტორიის შესახებ პუტინის ტყუილებზე საუბრობს

ისტორიაში ყველაზე მტკივნეული ადგილი ქართველებისთვის არის პერიოდი, როდესაც ქართველებმა რუსეთს დახმარება სთხოვეს ოსმალეთისგან დასაცავად. რუსებმა კი, თუმცა რეალურად გერმანელმა ეკატერინემ და ასევე გერმანელმა გენერალმა ტოტლებენმა რუსეთის იმპერიის სახელით, აიღეს და უბრალოდ, გააუქმეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა,-ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა, მაქსიმ შევჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ჟურნალისტმა ეკატერინბურგში ვლადიმერ პუტინის გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო ერთდროულად „მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა“.

„გუშინ პუტინმა საქართველოს შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით დიახ, საქართველოში არის გარკვეული ტექნოლოგიური მიღწევები. ( მაგალითად კავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტი, თანაც გაცილებით იაფი, ვიდრე ჩვენთან). შემდეგ მან ისეთი რაღაც თქვა, რაც ძალიან უცნაურად ჟღერდა დიდი სახელმწიფოს მეთაურისგან. მან თქვა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ერთიანი სახელმწიფო, პუტინის თქმით, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა 1774 წელს.

ოსებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე-18 საუკუნეში სახელმწიფო ოსეთი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ჩრდილოეთ ნაწილი ეკუთვნოდა კაბარდინეთს, სამხრეთი კი ქართლ-კახეთის შემადგენლობაში იყო. თუმცა პუტინისა და მისნაირებისთვის, თუ არ არსებობს სახელმწიფო, ხალხი და ერი არაფერს წარმოადგენს. ერები ათასობით წელი ცხოვრობენ, ისევე, როგორც ოსები, ეს ძალიან ძველი ერია და საქართველოს ისტორიიდან ჩანს, რომ ოსი მებრძოლები მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკაში. ოსები იქ ყოველთვის იყვნენ და ცხოვრობდნენ მთებში, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ არა ოსეთის სახელმწიფოზე, არამედ ტერიტორიებზე, სადაც ოსები ცხოვრობდნენ . მე-18 საუკუნის ოსი ისტორიკოსები წერენ, რომ მთებში შიმშილის გამო, ოსები სამხრეთით, ბარში ჩამოვიდნენ, რაც დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა. რაც შეეხება პუტინის საუბარს აფხაზეთზე. დიახ, ესეც ძალიან ძველი ტერიტორიაა, აფხაზი მეფეები მე-8 საუკუნეში იბრძოდნენ არაბების წინააღმდეგ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული ბიზანტიაზე, ვიდრე მცხეთაზე. შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ისინი მეგრელებს შეერივნენ.

პუტინი საქართველოს ბრალს სდებს, რომ ის იყო გერმანიის აგენტურა  და ავსტრიისა და გერმანიის დახმარებით ისარგებლა მე-18 საუკუნეში. სინამდვილეში კი, ეს ქვეყნები იყვნენ ქართული სახელმწიფოს მოკავშირეები და შეაიარაღეს ახალგაზრდა რესპუბლიკა. პუტინის გონებაში ლენინი გერმანიის ჯაშუშია, ქართველები – უცხოეთის ჯაშუშები. ხოლო ინგლისისა და საფრანგეთის ჯაშუშები, როგორებიც იყვნენ თეთრების არმია, და რომელსაც ქედს უხრის პუტინი და მისი გარემოცვა, იყვნენ ადამიანები, ვინც უბრალოდ, ცხოვრობდნენ ინგლისისა და საფრანგეთის ფულით.

აღარ მინდა ღრმად შევიდე ისტორიაში, ქართველები ახლა შოკში არიან პუტინის ისტორიული ხედვებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პუტინი ზის და წიგნებში ეძებს საქართველოს ისტორიას. მას ეს სიტყვა ვიღაცამ მოუმზადა და ალაპარაკა ისე, რომ ქართველებს მიუთითა – არც სამხრეთ ოსეთია თქვენი ტერიტორია და აფხაზეთსაც ვერასდროს ნახავთ. უფრო მეტიც, საქართველო აფხაზეთის ნაწილი ყოფილა. ასეთი რანგის პოლიტიკოსისთვის ისტორია უკიდურესად საშიში რამაა, ის წარმოადგენს მეთოდს, რომ გაამართლოს ესა თუ ის ქმედებები.

ისტორიაში ყველაზე მტკივნეული ადგილი ქართველებისთვის არის პერიოდი, როდესაც ქართველებმა რუსეთს დახმარება სთხოვეს ოსმალეთისგან დასაცავად. რუსებმა რეალურად კი- გერმანელებმა ეკატერინემ და გენერალმა ტოტლებენმა რუსეთის იმპერიის სახელით, აიღეს და უბრალოდ, გააუქმეს ქართული ეკლესია, ქართული სახელმწიფოებრიობა, წმინდა სინოდს დაუქვემდებარეს საქართველოს ეკლესია, რომელიც გაცილებით ძველია, ვიდრე რუსული, საქართველო კი, რამდენიმე ეპარქიად გადააკეთეს- ტიფლისის, მგონი, ქუთაისის და ა.შ. ასეთი იყო იმპერიის კოლონიზაციის პოლიტიკა და დღეს ამ მაგალითის მოყვანა – მუქარაა.

პუტინის გამოსვლა ეკატერინბურგში, ეს იყო მათრახისა, და თაფლაკვერის პოლიტიკა. ერთის მხრივ, დაამცირა რუსეთის დუმის დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე დღე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რა სასჯელი მოეფიქრებინათ  საქართველოს წინააღმდეგ იმის გამო, რომ ვიღაც გეიმ (ამ სიტყვის ცუდი გაგებით) პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. სხვათა შორის, დეპუტატებისთვის ძალიან უცნაური საქციელია. თითქოს სხვა პრობლემები აკლიათ არჩევნების ფონზე. კარგი იქნებოდა, ასეთი ენთუზიაზმით გამოდიოდნენ რუსეთის შიდა ეკონომიკური პრობლემების, უკანონობისა და ჟურნალისტების უფლებებისთვის. დეპუტატები ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ უფრო აამებდა პუტინს. ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, მაგრამ პუტინმა აიღო და კიდევ უფრო დაამცირა. მან თქვა, ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის და ერთი არამზადას გულისთვის, რატომ უნდა აგოს პასუხი ყველამ. პრინციპში, ეს სწორი პოზიციაა, მეც იგივე ვთქვი, მით უმეტეს, რომ ქართველებმა, მიუხედავად თავიანთი დამოკიდებულებისა პუტინის მიმართ, თავი წარმოაჩინეს, როგორც ღირსეულმა მამაკაცებმა და ქალებმა, სასულიერო პირებმა ქუჩებში ლოცვაც კი წაიკითხეს.

რაც შეეხება მათრახს, მიმართვა ქართველებისადმი, რომ ვერ ეღირსებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას  და ისევ ტიფლისის გუბერნია არ გახდეთო, საინტერესოა, ვინ ჰყავს მრჩევლებად, ვინ მისცა რჩევა, ეს ეთქვა, ეს ხომ პოლონეთს, ბალტიისპირეთს და ფინეთსაც ესმის, არ ვლაპარაკობ უკრაინაზე. ფინეთში იტყვიან, ჩვენც ხომ ვიყავით მათი გუბერნია, პოლონელები მოისმენენ და იტყვიან- ოპა, 1862 წელს ჩვენთანაც აკრძალეს პოლონური ენის სწავლება, კათოლიციზმი, გააუქმეს მეფობა და მხარედ გადააკეთეს და ასე შემდეგ. მათ ესმით ეს და ფიქრობენ, რომ რუსეთს შესაძლოა,  ყველაფრის რეანიმირება სურს და ამ ტახტზე დაჯდომა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პუტინის გამოსვლა იყო სერიოზული მუქარა, რომელიც მე ასე წავიკითხე: თქვენ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებთ და შეიძლება ისევ ტიფლისის გუბერნიად გადაიქცეთ.“,-აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni