საზოგადოება

შოთა დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა, რომ რეალურად აქციის წაყვანა მასზე არ არის

მიშა მშვილდაძემ მითხრა, “დირექცია” წყვეტს სიტყვით ვინ გამოვა და ვინ – არაო – ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძე თავის მიმართვაში წერს.

მისი თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს. 

“არა ფარისევლობას! გუშინ საპროტესტო აქციაზე გამოვცხადდი დაბარებულ დროს, საღამოს 7 საათზე. ტრიბუნასთან შევნიშნე ჩემი ძველი მეგობარი შოთა გაგარინი, რომელსაც აქცია უნდა წაეყვანა და მივედი მასთან, ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გამოვუხატე სოლიდარობა.

შოთა ცოტა არ იყოს დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა, რომ რეალურად აქციის წაყვანა ჩემზე კი არ არისო – მიშა მშვილდაძეს უნდა ჰკითხო სიტყვის წარმოთქმა თუ გინდაო. ამ დროს მოვიდა თვით მიშა მშვილდაძეც და მან უკვე მითხრა, რომ (ირონიულად) “დირექციის” გადასაწყვეტია ვინ გამოვა და ვინ – არაო, მე ყველაფერს ვიზამ რომ შენნაირი უპარტიო და მიუკერძოებელი გამომსვლელები გამოვიდნენო. ორივე ამ ადამიანის მჯერა, რომ გულწრფელად უნდათ ბევრი უპარტიო და დამოუკიდებელი ადამიანის გამოსვლა ამ აქციაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მიტინგის “დირექცია” როგორც ეტყობა ეგრე არ ფიქრობს.

მიტინგის პირველი რიგები სავსე იყო, ძირითადად, ნაცისტი აქტივისტებით და პარლამენტის წევრებით. ეს თავისთავად არაძალადობის მომხრეებისთვის უკვე ძალიან რთულად ასატანია. თუ ამ აქციის “დირექცია” და მმართველი ძალა სწორედ ეს ბატონები და ქალბატონები არიან, სრულიად მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყველა იმ პატიოსანი ქართველი მოქალაქისა და ახალგაზრდის, რომელიც ახლა ძალადობას აპროტესტებს.

მე, ისევე როგორც ნებისმიერი პატიოსანი ქართველი, რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას, არ დავდგები აქციაზე მოძალადეებთან და ქართველი ერის სისხლისმსმელებთან ერთად. ჩვენ თვითონ გამოვედით და გამოვალთ ყოველთვის. მაგრამ ქალბატონო სანდრა და ყველა სისხლში გასვრილო ნაცებო – თქვენი ადგილი აქ არ არის!

გვეყო თქვენი ფარისევლობა და ძალადობა. დროა მორჩეს მოქალაქეთა კავშირის ძალადობა 27 წლის შემდეგ!” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

Facebook Comments