პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურა პირველი-უბრალოდ, გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმას ვისზეც ვწერ!

მსახიობი ზურა პირველი სოციალურ ქსელში ეხმაურება რობერტ სტურუას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას:

“პოსტს ვწერ და კომენტარებს არ წავიკითხავ!
უბრალოდ, გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმას ვისზეც ვწერ!
ხომ ერთხმად ვაღიარებთ ყველა, რომ წიგნების დაწვა ფაშიზმია?
რატომაა ფაშიზმი?
იმიტომ, რომ წიგნი ხელოვნების ნიმუშია და წიგნის დაწვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, არა?
სპექტაკლიც ხომ ხელოვნების ნიმუშია?
და არ გეჩვენებათ, რომ საქართველოშიც იგივე ხდება – სტურუას სპექტაკლებს წვავენ?

სტურუას სპექტაკლები არის შედევრები, გენიალური ნაწარმოებები…
ბოლო ჩამოსვლაზე (2018 წლის დეკემბერში) ვნახე მისი სპექტაკლი, რომელზეც არც ისე ბევრი ქება მჰონდა მოსმენილი… ვნახე და დამამუნჯა… ტაშსაც ვერ ვუკრავდი ბოლოს: წინა რიგში ვიჯექი და ნაცნობი მსახიობები მიყურებდნენ სცენიდან გაკვირვებულები, რომ ვიდექი და ტაშს არ ვუკრავდი…

და იცით, რატომ ვერ ვუკრავდი ტაშს? იმიტომ, რომ ფინალში ნაჩვენები იყო (პრინციპში მთელი სპექტაკლი ამაზეა, მაგრამ ფინალი განსაკუთრეით მწარეა), როგორ საზიზღრად გვათამაშებს რუსეთი, როგორ გვიგდებს მასხრად, როგორ გვკლავს და მერე გვაფურთხებს, ჩვენ თვითონ როგორ დავცინით ჩვენს თავს და როგორ ვანადგურებთ… და ეს გადმოცემული იყო ულამაზესი, დახვეწილი ხელოვნების ენით, ისეთი ენით, როგორითაც გველაპარაკებიან შექსპირი, მოცარტი, ბახი… თითქოს ნაქარგი იყო…
ამ აზრის, ამ ნამდვილი (ხაზს ვუსვამ – ნამდვილი) პატრიოტული აზრის გადმოცება ჩვენ არ შეგვიძლია, არც მე და არც თქვენ! ასე გადმოცემა შეუძლიათ მხოლოდ გენიალურ რეჟისორებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს…
თქვენ, ვინც ლანძრავთ რობერტ სტურუას, ნანახი გაქვთ „ასულნი”?
წადითმ ნახეთ და მერე დაფიქრდით, თქვენ შესძლებთ, გადმოსცეთ საქართველოს სიყვარული ისე, როგორც ამ სპექტაკლში რობერტ სურუამ გადმოსცა?

შესძლებთ იტიროთ საქართველოს გამო ისე, როგორც სტურუამ იტირა ამ სპექტაკლში?
გასაგებია, კავკასიური, და რიჩარდი და კიდევ რამდენიმე მისი ძალიან პოპულარული სპექტაკლი ყველას აქვს ნანახი… თუნდაც ტელევიზორში… მაგრამ ნანახი გაქვთ სტურუას „დედა ენა”? ნანახი გაქვთ „რექვიემი”? ეს პსექტაკლები დიდი პატრიოტის დადგმულია… ეს არის მონოლოგები, სიმფონიები, საგალობლები საქართველოს სიყვარულზე… პატარა მყვირალა და წიკვინა პატრიოტუშკის კი არა, რომლებიც კომენტარებში იგინება და იპორჭყნება, არამედი დიდი პატრიოტის, დიდი ხელოვანის ნაწარმოებები…
დღეს თქვენ მასზე მსჯელობთ იმით, რას წერს ფბ-ზე, რას ამბობს ინტერვიუში – წადით, მოისმინეთ მისი ნამდვილი ენა და მერე მიეცით თავს მისი ლანძღვის უფლება!

1. მე მას არ ვიცნობ პირადად;
2. მე მასთან თეატრში მუშაობაც მინდოდა და არ მიმიღო;
3. მე მის გამო საკმაოდ დიდი უსიამოვნებაც მქონდა ერთ ადამიანთან;
ანუ, ლოგიკურად არც სიმპატია უნდა მქონდეს და არც უნდა მიყვარდეს… მაგრამ პირიქით!
მე მიყვარს რობერტ სტურუა!
მე უდიდესი მოწიწება მაქვს მის მიმართ!
ნუთუ ჩამოთვლილმა ფაქტებმა ხელი უნდა შემიშალოს, რომ სიამოვნება მივიღო მისი ნაწარმოებებით?
ვის დააკლდება, მე, თუ მას?
რა თქმა უნდა, მხოლოდ მე!
ეს ამბები არც მახსენდება ხოლმე, ახლა გამახსენდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერ მასზე!

თეატრი მუსიკაზე, ლიტერატურაზე, ფერწერაზე ბევრად ახალგაზრდა ხელოვნებაა, თანაც მხოლოდ დღევანდელი დღის ხელოვნებაა (ჩანაწერი იშვიათად გადმოსცემს იმას, რაც სპექტაკლის დროს ხდება) და ამიტომ თეატრალური მოღვაწეები ჯერ არ არიან ლეგენდებად გადაქცეულები, მაგრამ თუ ხელოვნების სხვა დარგებს შევადარებთ, სტურუა თეატრში ის სიმაღლეა, რაც პოეზიაში რუსთაველი და შექსპირი, რაც მუსიკაში ბახი და მოცარტი – შეგნებულად არ ვასახელებ ფალიაშვილს – ფალიაშვილი შესანიშნავია, მაგრამ ეს არ არის ის სიმაღლე, რაც სტურუაა თეატრში!
ვიცი თქვენი პასუხი! რუსეთი!

აბა, მაშინ დაერიეთ, ოკუჯავას, დანელიას, კიკაბიძეს, ბრეგვაძეს, გაბრიაძეს, კოტე მარჯანიშვილს…
მოკლედ, გთხოვთ, დაფიქრდით, ვის ლანძღავთ!
სტურუა ყველაზე ერთგულად ემსახურა და ემსახურება სამშობლოს!
იცით, რატომ ვწერ ამხელა ტექსტს?
გია ყანჩელზე კეთდებოდა გადაცემა და ანონსი მოვისმინე გუშინ – სტურუა არც უხსენებიათ!

ჩემი აზრით, ეს პატარა კაცუნების საქციელია!
ყანჩელის ნაწარმოებთა უდიდესი და უმშვენიერესი ნაწილი სტურუას სპექტაკლებისთვის დაიწერა!
სტურუას ლანძღვის კონსტიტუციური უფლება ყველას გაქვთ (ასე ესმის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიტყვის თავისუფლება), მაგრამ არც მორალური, არც ადამიანური, არც პატრიოტული, არც ინტელექტუალური, არც ეთიკური, არც ესთეტიური უფლება არ გაქვთ!”

Facebook Comments