პოლიტიკა

საქართველოში დამკვიდრებული ლიბერალიზმი კარგად ბრენდირებული რეპრესიული მექანიზმია

თანამედროვე ლიბერალურ დღის წესრიგში იქმნება რეალობის ერთი ნაწილი, რომელშიც ცხოვრობენ და რომელსაც აღიარებენ ლიბერალები, ხოლო ყველა „გარეთ მყოფი“ არის ორკი და ბნელი. ,-ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „პოსტივი-ანალიტაკაში“ საუბრობს.

ბაჩო ოდიშარია ამბობს, რომ საქართველოში ლიბერალიზმის მთავარმა დასაყრდენმა- „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „რუსთავი2“-მა მოახდინეს იდეალური ლუსტრაცია, რომ სურთ ოკუპაცია. მათ არ სურთ რუსი ტურისტი, მაგრამ სურთ რუსი ჯარისკაცი. ქვეყანაში დესაბილიზაციის შემოტანა კი, ყოველთვის იყო მათი მთავარი მიზანი.

მისივე თქმით, ​ქართველი ლიბერალების მთავარი საბრძოლო ტერმინებია „ რუსეთუმე“, „ბოტი“, „ტროლი“, „ჰაჰა-რეაქცია“, მათთვის არმოსაწონი სუბიექტების მორალურ პასუხისგებაში მიცემა და საკუთარი ფარული მოტივის სხვისთვის გადაბრალება.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება- ეს არის დოქტრინა, რომელიც მიხედვითაც, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს განსხვავებული აზრის დაფიქსირება იმის შიშის გარეშე, რომ მასზე გავრცელდება ცენზურა, დაეკისრება რაიმე სასჯელი და ა.შ. ამას ქადაგებს ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით. თუმცა, ნეოლიბერალური ჯგუფები და რასაკვირველია ქართული ნეოლიბერალური ელიტა, ასევე იქ მოხვედრის მსურველი წვრილმანი ლიბერალები სრულიად საპირისპირო სტრატეგიით მოქმედებენ. თანამედროვე ლიბერალურ დღის წესრიგში იქმნება რეალობის ერთი ნაწილი, რომელშიც ცხოვრობენ და რომელსაც აღიარებენ ლიბერალები, ხოლო ყველა „გარეთ მყოფი“ არის ორკი და ბნელი. მოკლედ, მისტიფიცირებული დასავლური ღირებულებების მტერი.

ნეოლიბერალური ჯგუფები ისაკუთრებენ კონკრეტულ ფაქტებს, ისტორიულ მოვლენებს და  უცვლიან შინაარსს, საპირისპირო აზრი კი, ასეთ დროს განდევნის საგანი ხდება.

როდესაც რუსთავი2-ის ეთერში აგინებენ რუსეთის პრეზიდენტს, რის შემდეგაც ოკუპანტი ქვეყნის მთავრობისგან ჩვენთვის სავალალო სანქციები წესდება, ამაზე აღშფოთებულ ხალხს, რომელიც რუსთავი2-ს ლანძღავს, პუტინის დამცველებად მოიხსენიებენ. რუსთავი2-მა, ანუ ნაცებმა, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ ებრძვიან ოკუპაციას, მოახდინეს იდეალური ლუსტრაცია, რომ სურთ ოკუპაცია. მათ არ სურთ რუსი ტურისტი, მაგრამ სურთ რუსი ჯარისკაცი.

ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა მუდამ იყო მათი მიზანი, დღეს კი, ამისთვის ყველა შესაძლო რესურსს იყენებენ. ამის პარალელურად, ქართველი ლიბერალების მთავარი საბრძოლო ტერმინია რუსეთუმე, ბოტი, ტროლი, ჰაჰა რეაქცია. მოკლედ, მათთვის არმოსაწონი სუბიექტების დამუნათება და მორალურ პასუხისგებაში მიცემა, საკუთარი ფარული მოტივის სხვისთვის გადაბრალება. თავისუფალია ყველა, ვინც მათ ემხრობა, მონაა ყველა, ვინც მათ კოჭს არ უგორებს. ლიბერალები ამბობენ, რომ დემოკრატიის ქომაგები არიან, მაგრამ მოქმედებენ ყველაზე ანტიდემოკრატიული პრინციპებით. სხვისი გაჩუმების, აზროვნების აქტის ანულირების მცდელობით: „ოპ ოპ ოპ , თქვენ მოეშვით ფიქრს, ჩვენ შევადგენთ სურათს ამა თუ იმ საკითხზე, მოგაწვდით წერილობით და ეგ იქნება ერთადერთი სიმართლე, რომელსაც უნდა დაუდგეთ გვერდში“…

მაგალითად, არ შეიძლება კითხვების დასმა 2008 წლის ომში მაშინდელი მთავრობის გადაცდომებზე, ახლა კი, 20 ივნისის მოვლენებზე. ხელაღებით უნდა აღიარო ის ნარატივი, რომელსაც ლიბერალური ელიტა აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკუპაცია არ გადარდებს და რუსეთის მომხრე ხარ. ქართულ ლიბერალიზმს ჩვენთან რამდენიმე პოლიტიკური დასაყრდენი აქვს, მათგან ყველაზე წარმატებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. „რუსთავი„“ უკვე იმდენად სერიოზული მოთამაშეა, რომ ამ ორ პარტიაზე წინ შეგვიძლია დავაყენოთ. 

მალკოლმ იქსი კარგად აღწერდა ლიბერალურ თვალთმაქცობას, მისი თქმით, ლიბერალები თავს ასაღებენ შავკანიანთა მეგობრად და მოკავშირედ, რათა შემდეგ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ კონსერვატორების წინააღმდეგ. ვციტირებ: „თეთრი ლიბერალი ამერიკის ყველაზე დიდი მტერი“. ასეა დღეს ჩვეთანაც. ოღონდ, გამოყენებული შავკანიანების ნაცვლად, მოსახლეობის ის ნაწილი უნდა ჩავსვათ, რომელსაც აპოლიტიკურ ნაწილს ეძახიან.

ნეოლიბერალიზმი ცდილობს, პოლიტიკას გამოაცალოს შინაარსი და დაიყვანოს ის ცარიელ ემოციამდე. ის პარადოქსულად ახერხებს თავსებადი იყოს ნაციონალიზმთან, ფუნდამენტალიზმთან, ფეიკნიუსთან, თვითგამოხატვის დათრგუნვასთან, ორმაგ სტანდარტებთან, ყველაფერთან, რის წინააღმდეგაც იდეაში, უნდა ილაშქრებდეს. ახალი ლოგიკა ასეთია: რაც ეპატიება ლიბერალს, არ ეპატიება არალიბერალს. მაგალითად, თუ გრიგოლ ვაშაძეს ეპატიება რუსეთში მიღებული განათლება და რუსეთისადმი მიძღვნილი დითირამბები, იგივე არ ეპატიება ლიბერალური დისკურსის მიღმა მყოფ არც ერთ სუბიექტს. თუ რუსთავი2-ს ეპატიება ფეიკნიუსი და სააკაშვილის რეჟიმის გაკეთილშობილებისთვის ზრუნვა, „იმედს “არ ეპატიება ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობა. 

მოკლედ, ნეოლიბერალიზმი იმ ფორმით, როგორც საქართველოში დაინერგა, არის კარგად ბრენდირებული რეპრესიული აპარატი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ლიბერალური, თუ მის სამსახურში დგები.  სხვა შემთხვევაში, მისთვის მტერი ხარ, რომლის საჯარო სივრციდან კატაპულტირება არის საჭირო. 

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ლიბერალური იდეოლოგიის გაძლიერება მიშისტური პროექტი იყო, ის დღესაც საუკეთესოდ გამოხატავს მიშიზმს: აღარ არის მიშა, აღარ არის მისი მმარველობის დროინდელი სახელმწიფო რეპრესია, მაგრამ მიშიზმი განაგრძობს არსებობას. ძირითადად, სოცქსელებსა და ლიბერალურ სივრცეებში. მიშიზმი მიშას გარეშე გრძელდება ნეოლიბერალური შეფუთვით, რომელიც მუდამ აცხადებს, რომ თავისუფლების სამსახურშია და ამასთან, გამუდმებით ცდილობს მის შეზღუდვას. 

აქედან გამოსავალი ის არის, რომ არ დამორჩილდე მის ნარატივს, კითხვებიც დასვა, საპირისპირო აზრიც თამამად დააფიქსირო. არ იყო ჩუმად მაშინ, როდესაც არ ეთანხმები ლიბერალური დღის წესრიგის მოწოდებებს. 

თავისუფლების დაკარგვის გამოხატულებაა, როდესაც შენი აზრის დაფიქსირება გინდა და იმის შიშით ვერ აჟღერებ, რომ შესაძლოა, ამის გამო წნეხის ქვეშ მოგაყოლონ. 

Facebook Comments