სოციალური ქსელები და მედია

ამ გადაცემაში დღეს ხუმრობას არ ვაპირებ- ვასიკო ოდიშვილის სერიოზული მონოლოგი

ვასიკო ოდიშვილის საავტორო გადაცემა „ვასმედია“ ეთერში უჩვეულო ფორმატით გავიდა.

წამყვანმა განაცხადა, რომ ამ გადაცემაში იუმორის გარეშე, სერიოზულად ისაუბრებს. მისი თქმით, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ყველანაირი ჟანრის გარეშე უნდა თქვა ის, რისი თქმის გარეშეც არ შეიძლება.

დღეს ერთი რიგითი მოქალაქე, ემოციური ადამიანი ვასიკო ოდიშვილი გესაუბრებათ,-განაცხადა მან.

“ამ გადაცემაში ხუმრობას არ ვაპირებ. ხანდახან დგება მომენტი, როცა ყველანაირ ჟანრს, ფორმატს, წესს, კონტექსტს და პირობას თავი უნდა გაანებო და თქვა ის, რისი თქმის გარეშეც არ შეგიძლია.“– განაცხადა ოდიშვილმა.
ოდიშვილი თვლის, რომ გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ნიკა მელია კი ციხეში წავიდეს:
“ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ განგებ არავის დაუმიზნებია თვალში 18 წლის გოგოსთვის ტყვიები, მაგრამ კადრებიც ხომ ვნახეთ. “ბებერმა პარტიულმა მუშაკებმა“ ახალგაზრდების გულწრფელ ემოციებში თავისი შანსი დაინახეს. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს გახარია ბოდიშს მოიხდიდა, ოღონდ ნამდვილს. ნორმალურ სახელმწიფოში თავის მხრივ ნიკა მელიაც მოიხდიდა ალბათ რამდენიმე წელს.
როდემდე შეიძლება ნაცების დაბრუნება იყოს პასუხი ყველა დაშვებულ შეცდომაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და ახლა უკვე თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე. ის სისხლიანი ცხრა წელიც გამოგეცალათ ხელიდან და რაღა დაგრჩათ?
პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა ქვეყნის მართვა, არამედ ოპოზიციასთან ჭიდილია.
ოპოზიციის საზრუნავი არა ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა, არამედ ნებისმიერი ბინძური თუ არაკანონიერი გზით ძალაუფლების დაბრუნების მცდელობაა, თუნდაც ეს ძალაუფლება უფსკრულში გადაჩეხილი სახელმწიფოს მმართველობა იყოს.
ვისაც გინდათ ააშენეთ ეს ქვეყანა, ოღონდ კარგი იქნება სხვისი აშენებულიც დავინახოთ და ვაღიაროთ.

მთავრობა თუ გვასწავლის ღირებულებების დაცვას, ჩვენ ვასწავლით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობების აღებას. თორემ ეგეც ისეთივე თავდაჯერებულ და უტიფარ მმართველად იქცევა როგორც წინა.

ნაციონალურ მოძრაობას კი მინდა ვთხოვო, გაქვთ შანსი რომ თქვენ ასწავლოთ ხელისუფლებას საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უბრალოდ იმით, რომ დაიშალოთ, გაანებოთ პოლიტიკას თავი, რათა გამოაცალოთ ქართულ ოცნებას ის ერთადერთი თავის გასამართლებელი არგუმენტი – სისხლიანი ცხრა წელი. თუკი მართლა ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება ქვეყნისთვის საფრთხეა და მისი მოშორება აუცილებელია, დაიშალეთ თქვენ და დაიშლება ოცნებაც.
მაგრამ ვიცი ამას არ იზამთ – არც თქვენ დაიშლებით და არც ოცნება მოგცემთ ამის საშუალებას. რეალურად თქვენ ხომ ერთმანეთს ასულდგმულებთ და სასიცოცხლო ენერგიას აძლევთ. ყველანაირი მტრობა თქვენს შორის ხალხის მოტყუებაა. “– თქვა ოდიშვილმა.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni