ჯანდაცვა

რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო დაფიქსირებული, მამა იყო მონადირე ან მეთევზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო დაფიქსირებული, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

“რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო დაფიქსირებული, მამა იყო მონადირე ან მეთევზე. შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ საფანტი არის ტყვია. ასევე, მეთევზეებში ტყვიას იყენებენ, როგორც სიმძიმის წყაროს, როდესაც ანკესს აგდებენ სათევზაოდ. ასევე, იქ ტყვიის ნივთებს იყენებდნენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ჩაქუჩს და ა.შ.

ასეთი ფაქტები იყო და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამგვარ ოჯახებში კვლევა გრძელდება. ძირითადად, დასავლეთ საქართველო გამოირჩეოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით: აჭარა, გურია, სამეგრელო, მაღალმთიანი ადგილები. ეს გვაფიქრებინებს, რომ სადაც მეტი ავტომობილია, ტყვიის მაღალი კონცენტრაციის ეს მიზეზი პრაქტიკულად გამოირიცხა.

ბევრი საუბარი იყო, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო ავტომობილების ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ავტომობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევები უფრო მეტი და მასიური უნდა ყოფილიყო.

მიზეზზე კვლევა გაგვცემს პასუხს, ჯერ დაიდო შედეგი, თუ ვის აქვს მომატებული, მერე კი კვლევამ გვაჩვენა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ეს შემთხვევები დაფიქსირდა, იყო ტყვიის წყაროები. მაგრამ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, თუ რა მოხდა ზუსტად, მეცნიერულად, კვლევა გრძელდება ყველა იმ ოჯახში და მათ შორის, ყველა იმ ბავშვის ოჯახში, რომელსაც ტყვიის შემცველობა სისხლში მომატებული ჰქონდა. უნდა დადგინდეს, კიდევ რა ფაქტორები შეიძლებოდა, ყოფილიყო”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

Facebook Comments