საზოგადოება

კონსტანტინიდი ლავროვის განცხადებაზე: საქართველოში უზრუნველყოფილია ტურისტების უსაფრთხოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება დაცულია.

„მოვისმინეთ სერგეი ლავროვის განცხადებები. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საქართველოშის სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება, რამდენადაც საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას, რაც დადასტურებულია ევროკავშირის მიერ და ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.

ურთიეროებების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს. ჟენევაში მიმდინარე დიალოგის მიზანია რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია”, – აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის საკითხს იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ ამ ქვეყანაში რუსი ტურისტებისთვის საფრთხეები აღმოიფხვრება.

„თუ ასე მოხდება, შეიქმნება აუცილებელი პირობა რუსეთის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ღონისძიებების გადასახედად, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რუსი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობები 20 ივნისს დაიძაბა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსი დეპუტატი გავრილოვი ააყენეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გააძევეს.

Facebook Comments