პოლიტიკა

ივანიშვილი 21-ე საუკუნეში არ არის, შეიარეთ „ქართუ ბანკში“ და დაგხვდებათ საზამთროს მჭამელი ადამიანი

ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ლიდერი კი არა, საკუთარი ქონების მცველი კერძო პირია, რომელსაც ადამიანები არაფრად მიაჩნია და არ იცის, რა არის სახელმწიფო,-ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ტვ-პირველის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ქვეყანა თავისი კომპანია ჰგონია.

„მას საქართველო საკუთარი კომპანია ჰგონია, თავის კომპანიებს კი, როგორ მართავს, შეიარეთ და ნახეთ „ქართუ ბანკში“ და დაგხვდებათ საზამთროს მჭამელი ადამიანი. ის 21-ე საუკუნეში არ არის, თუმცა არც ესაა პრობლემა, თუ ქართველი ხალხი ასე აირჩევს, მე მჯერა დემოკრატიის და მჯერა ინფორმირებული ადამიანების არჩევანის, თუმცა ნურც ისე გაუვა თავს, რომ შეურაცხყოფას მოგვაყენოს, ჯერ თვალში გვესროლოს და მერე ნაცარი შეგვაყაროს. ჩვენ ვაჩვენეთ ყვითელი ბარათი და მალე წითელ ბარათს ვაჩვენებთ“,-აცხადებს დიღმელაშვილი და 20 ივლისს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

„20-ში 1 თვე სრულდება ჩვენი აქციების დაწყებიდან და ვინც თბილისშია, მოვა, ვინც ვერ ჩამოვა, ადგილზე მივა მთავრობის ადმინისტრაციასთან“,-განაცხადა დიღმელაშვილმა. 

მისივე თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს აქციის მონაწილეებს.

„წაიკითხოს მსოფლიო პრესა და ნათელია კონტექსტი, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ დადგა. თუმცა ახლა ამ ადამიანების დისკრედიტაცია ხდება“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments